იოსებ ბარათაშვილი - ხელისუფლება ვალდებულია უმოკლეს დროში აუხსნას  მოსახლეობას, თუ რა გეგმები და რესურსები გააჩნია არსებული პრობლემების გადასაწყვეტად და რა ვადაში აპირებს მოგვარებას

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე ”ინტერპრესნიუსი” ადვოკატ იოსებ ბარათაშვილს ესაუბრა.

- ბატონო იოსებ, მმართველი გუნდის წევრების გამართულ შეხვედრაზე ბევრი კი ითქვა, მაგრამ მისი შედეგები მაინც აქტუალურ თემად რჩება, რადგან, როგორც ჩანს, მმართველმა გუნდმა არა მხოლოდ მოსამართლეთა თემაზე იმსჯელა.

შეხვედრის მონაწილეთა მტკიცებით, ივანიშვილმა თანაგუნდელები გააერთიანა. დამკვირვებელთა ნაწილი კი თვლის, რომ ივანიშვილი შეეცადა გუნდში ერთიანობა შეენარჩუნებინა, რაც ამ ეტაპზე მან შეძლო, მაგრამ რის ხარჯზე, უცნობია. ასევე გაუგებარი დარჩა „უმრავლესობის გამართული მუშაობისთვის“ რაზე შეთანხმდნენ თანაგუნდელები.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ივანიშვილის მონაწილეობით „ქართული ოცნების“ წევრთა შეხვედრის გაცხადებულმა შედეგებმა და სავარაუდოდ, რა იკითხება იმ გაუცხადებელ შედეგებში, რაზეც უმრავლესობის წევრებს არ უსაუბრიათ?

- მმართველ გუნდში გამართული შეხვედრის შემდეგ ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებული კომენტარებიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ არც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის და არც რომელიმე სხვა საკითხზე რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც ჩანს, შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სახელისუფლებო გუნდში ფორმალური ერთიანობის შენარჩუნება და გარკვეული დროის მოგება.

როგორც ჩანს, „ოცნებაში“ შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სახელისუფლებო გუნდში ფორმალური ერთიანობის შენარჩუნება და გარკვეული დროის მოგება

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში არსებობს ძალზე სერიოზული პრობლემები სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების, ეკონომიკური განვითარების, უმუშევრობის ზრდის, საემიგრაციო პოლიტიკის მოწესრიგებისა და მრავალ სხვა სფეროში, ხელისუფლება ვალდებულია უმოკლეს დროში, მკაფიოდ და გამჭვირვალედ აუხსნას მოსახლეობას, თუ რა გეგმები და რესურსები გააჩნია მას არსებული პრობლემების გადასაწყვეტად და რა ვადაში აპირებს მათ მოგვარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომდევნო არჩევნების დროს, სახელისუფლებო გუნდი აღმოჩნდება საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის მხარდაჭერის გარეშე.

- უმრავლესობის წევრი ლევან კობახიძე შეხვედრის დაწყებამდე აცხადებდა, რომ მას ჰქონდა იმედი იმისა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები, რომლებმაც ხმა მისცეს მოსამართლეთა 10 კაციან სიას, დაკავებული თანამდებობებიდან გადადგებოდნენ. თუ შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარებით ვიმსჯელებთ, მოსამართლეთა სიის წინაააღმდეგ ბესელია-ფოფხაძის გარდა კიდევ დაახლოებით 20-მდე უმრავლესობის დეპუტატი იყო. თქვენი დაკვირვებით, „ოცნება“ თავად გახდება ინიციატორი იმისა, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები გადადგნენ, თუ მოსამართლეთა საკითხში ხელისუფლება ბუნდოვანების შენარჩუნებას ამჯობინებს, რაც მისთვის აშკარად მომგებიანი არაა?

- ის, რაც დღეს საქართველოს იუსტიციის საბჭოში ხდება, შეიძლება ამგვარად შეფასდეს - იუსტიციის საბჭოს წევრთა უმრავლესობა შეგნებულად ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოში სასამართლო სისტემისა და ზოგადად, მართლმსაჯულების სწორი გზით განვითარებას და ამით საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.

იუსტიციის საბჭოს წევრთა უმრავლესობა შეგნებულად ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოში სასამართლო სისტემისა და ზოგადად, მართლმსაჯულების სწორი გზით განვითარებას და ამით საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს

თუმცა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ იუსტიციის საბჭოს აღნიშნული წევრები წახალისებული არიან მმართველი პარტიის თავმჯდომარისა და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, რაც დაუშვებელია, ისე როგორც, თავის დროზე, დაუშვებელი იყო უკანონობის ჩამდენ მოსამართლეთა სისტემის მსხვერპლად გამოცხადება.

მიმაჩნია, რომ მოცემულ ვითარებაში, უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს დაშლა, თუნდა ამას დასჭირდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

მიმაჩნია, რომ მოცემულ ვითარებაში, უნდა მოხდეს იუსტიციის საბჭოს დაშლა, თუნდა ამას დასჭირდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები

ახალი იუსტიციის საბჭო უნდა დაკომპლექტდეს იმ მეცნიერებისა და პროფესიონალი იურისტებისაგან, რომელთა წარსული არ არის შებღალული უზნეო და უსამართლო ქმედებებით. მოსამართლეთა საკითხში ბუნდოვანების შენარჩუნება არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ეს დააზარალებს როგორც საზოგადოებას, ისე მმართველ გუნდს.

- დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილები მთელმა ქვეყანამ კი იგლოვა, მაგრამ დარჩა შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფომ არ გამოავლინა „ყაზტრანსგაზში“ გამოვლენილი პრობლემების აღმოფხვრის უნარი.

ამ თემის გამო კრიტიკის ქვეშ აღმოჩენილმა ქალაქის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის თემა გააქტიურა, საჯაროდ დაპირდა თბილისელებს, რომ არ დაუშვებდა მიწის მფლობელთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თბილისის მერმა თავისივე დანაპირების შესრულებაზე განცხადება გააკეთა.

ცხადია, ნამდვილად კარგი საქმე გაკეთდა, მაგრამ გაუგებარი დარჩა სხვა რამ - თუ პრობლემის ასე უმტკივნეულოდა მოგვარება შეიძლებოდა, რატომ არ გაკეთდა ეს მანამდე ვიდრე დიდ დიღომში გაზის გაჟონვის შედეგად ხალხი არ დაიღუპა?

- ვფიქრობ, ნათელია, რომ თბილისში უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, შეიქმნა უმძიმესი პრობლემები, როგორც მოზღვავებული, ტექნიკურად გაუმართავი ავტოტრანსპორტის, ისე უხარიხო მშენებლობებისა და კომუნიკაციების მხრივ. დღეის მდგომარეობით თბილისი დგას ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე და ამის შესახებ საუბრობენ არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი სპეციალისტებიც. აღნიშნული პრობლემების ერთ-ერთი ნაწილია ბუნებრივი გაზგაყვანილობის მოუწესრიგებლობა, რასაც უკანასკნელ წლებში მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სამწუხაროდ, არ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობას და ქალაქის მერიას გააჩნიათ ეფექტური გეგმა თბილისის პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად

ამას თან ერთვის, ბუნდოვანი, გასაიდუმლოებული გარიგებები, რომლებიც შეეხება, როგორც „ყაზტრანსგაზს“, ისე ზოგიერთ სხვა სამსახურს. სამწუხაროდ, არ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობას და ქალაქის მერიას გააჩნიათ ეფექტური გეგმა ამ საკითხების მოსაგვარებლად.

თუ მომავალშიც ასე გაგრძელდება, რამდენიმე წელიწადში, თბილისის მნიშვნელოვანი ნაწილი სრულიად გამოუსადეგარი გახდება ნორმალური ცხოვრებისათვის.

რაც შეეხება საკითხს, იმის შესახებ, რომ ვაკის პარკში აღარ აშენდება სასტუმრო, ვფიქრობ, რომ ეს არის სამოქალაქო საზოგადოების მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი გამარჯვება.

- სასამართლომ გეგა გეგეშიძე არა მარტო გაათავისუფლა 5 000 ათასი ლარის გირაოთი, იგი თანამდებობაზეც დატოვა. ჭიდაობის ფედერაციის უმრავლესობა ნაცემ და შეურაცხყოფილ დათუნაშვილს კი არა, ფედერაციის პრეზიდენტს უჭერს მხარს. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ამ ისტორიამ და როგორ შეაფასებდით მას? ეს ისტორია კიდევ იმითაა საინტერესო, რომ სასამართლოდან გირაოთი განთავისუფლებულმა გეგა გეგეშიძემ პრაქტიკულად სკანდალური განცხადება გააკეთა - „ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს როგორც ფედერაციას, ასევე ქვეყანასაც“.

თუ გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ გეგა გეგეშიძესა და ჭიდაობის ფედერაციის სხვა სპორტსმენების ფიზიკურ შესაძლებლობებს არა მარტო არჩევნებში, არამედ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იყენებდა როგორც წინა ხელისუფლება, ისე დღევანდელიც, სინამდვილეს შეესაბამება, ეს ისტორია იმაზე რთულ კონტურებიანი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

თქვენი აზრით, გეგეშიძესა და ნაცემ ევროპის ჩემპიონ დათაშვილთან დაკავშირებით სავარუდოდ როგორი იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან საუკეთესო რეაგირება?

- ამ შემთხვევაში, არ მინდა დავარღვიო ბატონი გეგეშიძის უდანაშაულობის პრეზუმპცია და კვალიფიკაცია მივცე იმ ქმედებას, რომელიც მოსახლეობის დიდმა ნაწილმა იხილა ტელევიზიით. ასევე ადეკვატურად მიმაჩნია გირაოს შეფარდება, რადგან, მოცემულ შემთხვევაში, მას ბრალი წაყენებული აქვს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის.

ჩემზე განსაკუთრებით მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ჭიდაობის ფედერაციის მესვეურებისა და ცნობილი მოჭიდავეების გამონათქვამებმა იმის შესახებ, თითქოს აღნიშნული ინციდენტი წარმოადგენდა ჩვეულებრივ მოვლენას და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა

ამავე დროს, უსამართლობის განცდას ქმნის ის ფაქტი, რომ გამოძიების მიმდინარეობის დროს გეგა გეგეშიძე კვლავაც გააგრძელებს მუშაობას ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარედ.

თავი, რომ დავანებოთ საქმის მორალურ მხარეს, მას დაკავებული თანამდებობიდან გამომდინარე, საშუალება მიეცემა ზეგავლენა მოახდინოს სისხლის სამართლის საქმის მოწმეებზე.

ჩემზე განსაკუთრებით მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ჭიდაობის ფედერაციის მესვეურებისა და ცნობილი მოჭიდავეების გამონათქვამებმა იმის შესახებ, თითქოს აღნიშნული ინციდენტი წარმოადგენდა ჩვეულებრივ მოვლენას და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.

არ მიმაჩნია სერიოზულად გეგა გეგეშიძის გამონათქვამი, თითქოს მისი თანამდებობიდან ჩამოშორება ,,ჩამოაქცევს, როგორც ფედერაციას ისე ქვეყანას“.

- ბაქოში სამცხე-ჯავახეთის სოფელ ბუგაშენში 20 იანვარს ხოჯალის ჯალათის მიხაილ ავაგიანის ძეგლის გახსნა სტრატეგიული პარტნიორისაგან არამეგობრულ ნაბიჯად იქნა შეფასებული.

ამ ისტორიაში უცნაური კი ისაა, რომ ეს ძეგლი 1995 წელს დაუდგამთ. ახლა კი რესტავრირებული ძეგლის ხელმეორედ გახსნას "ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი ესწრებოდა.

ოფიციალური ბაქო თბილისისაგან სასწრაფო რეაგირებას ითხოვს. ახლა აღარა აქვს მნიშვნელობა იმას, რომ ამ ძეგლის გახნისათვის ფინანსები ავაგიანის ახლობლებს გაუღიათ.

ფაქტია, რომ მასზე თბილისმა რეაგირება უნდა მოახდინოს. დამკვირვებელთა უმრავლესობა შენიშნავს, რომ ძეგლის დემონტაჟი უნდა მოხდეს, მაგრამ მაქსიმალურად უმტკივნეულოდ. თქვენი აზრით, როგორ უნდა შეძლოს ხელისუფლებამ ამ პრობლემის უმტკივნეულოდ მოგვარება?

- მოცემულ შემთხვევაში, საკითხი ეხება ძალზე დელიკატურ ვითარებას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წაყრუების შემთხვევაში, შეიძლება მოჰყვეს სერიოზული გართულება.

ჩვენი სახელმწიფო, რა თქმა უნდა, დაინტერესებული უნდა იყოს იმაში, რომ კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოს და განამტკიცოს როგორც აზერბაიჯანთან ისე სომხეთთან.

საქართველოს ხელისუფლებამ დროულად და რაც შეიძლება მკაფიოდ უნდა აუხსნას სოფელ ბუგაშენის მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე პირისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ძეგლის დადგმა ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და ადგილობრივი მოსახლეობა, რომლის უდიდესი ნაწილიც საქართველოს მოქალაქეა, ვალდებულია დაიცვას და გაითვალიწინოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები

ამავე დროს, კარგად არის ცნობილი, რომ ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთთან არ იმყოფება კეთილმეზობლურ ურთიერთობაში. მათი კონფლიქტის საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახით გადმოტანა კატეგორიულად დაუშვებლად მიმაჩნია.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ხელისუფლების მიერ უნდა აიკრძალოს საქართველოს ტერიტორიაზე ყველა იმ პირის ძეგლის დადგმა თუ მათი სხვა ფორმით უკვდავყოფა, რომელთაც მონაწილეობა აქვთ მიღებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ან ერთ ან მეორე მხარეს.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებამ დროულად და რაც შეიძლება მკაფიოდ უნდა აუხსნას სოფელ ბუგაშენის მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე პირისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ძეგლის დადგმა ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და ადგილობრივი მოსახლეობა, რომლის უდიდესი ნაწილიც საქართველოს მოქალაქეა, ვალდებულია დაიცვას და გაითვალიწინოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ყოველივე ამის შემდეგ, კი უნდა მოხდეს სოფელ ბუგაშენში დადგმული ძეგლის დემონტაჟი.

კობა ბენდელიანი

”ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა