აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებზე ტრანსპორტის მომსახურებისთვის გაცემული 32 338 ლარიდან ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე 28 987 ლარი გაიცა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურებისთვის დახარჯული 32 338 ლარიდან ფედერაციის პრეზიდენტის შვილზე 28 987 ლარი გაიცა.

როგორც აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი, გაურკვეველია რა მეთოდებით, რა მონაცემების გათვალისწინებით და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ხდებოდა რეგიონების მიხედვით სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენა.

„საბანკო ანგარიშის ამონაწერების შესაბამისად, 2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტებში ჩატარებული ქართული ჭიდაობის შეჯიბრებებსა და ტურნირებზე სატრანსპორტო მომსახურების სახით სხვადასხვა ფიზიკურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე სულ გაცემულია 32 338 ლარი, აქედან, პრეზიდენტის ახლო ნათესავზე(შვილი) 28 987 ლარი. თითოეული ტურნირის ხარჯები მუნიციპალიტეტების მიხედვით განსხვავებულია და მერყეობს 200-დან 900 ლარამდე.

ხელშეკრულებების შესაბამისად, განსაზღვრული სატრანსპორტო მომსახურების ტარიფების დადგენისა და გაანგარიშების დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, გაურკვეველია რა მეთოდებით, რა მონაცემების გათვალისწინებით და რა პარამეტრებზე დაყრდნობით ხდებოდა რეგიონების მიხედვით სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენა“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ამასთან, უწყების ცნობით, მაგალითისთვის 2017 წლის დეკემბერში ფალავნობაში, ქართულ ჭიდაობაში ჩასატარებელი ღონისძიების ფარგლებში, საჭიდაო ლეიბების (რომლის რაიმე სახით ფლობის შესახებ მტკიცებულებები არ არის წარმოდგენილი) ტრანსპორტირების ხარჯმა, ჭავჭავაძის გამზირიდან ამერიკის საელჩომდე და პირიქით, ამერიკის საელჩოდან ჭავჭავაძის გამზირამდე (20 კმ) შეადგინა - 1500 ლარი.

აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ აღნიშნულ მომსახურებაზე შედგენილ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტში შესასრულებული რეისების რაოდენობა და გადაზიდული ტვირთის მოცულობები მითითებული არ არის.

„2016-2017 წლებში მივლინებებზე ტრანსპორტირების სახით გაწეული 900 ლარის ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი. ფედერაციის მიერ არ ხდება განსახორციელებელი სპორტული ღონისძიებების ფარგლებში შესასყიდი საქონლის და მომსახურების ოპტიმალური ფასის, ტექნიკური პარამეტრების და მიწოდების პირობების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევა, რის გარეშეც მიმწოდებელთან (ზოგიერთ შემთხვევაში დაკავშირებულ მხარესთან) გაფორმებული კონტრაქტები ზრდის საბაზრო პირობებისადმი არაადეკვატური ფასის და მიწოდების პირობების ჩამოყალიბების რისკებს, რაც, თავის მხრივ, იწვევს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურ და არაეფექტიან ხარჯვას. ინტერესთა კონფლიქტის არსებობამ გავლენა მოახდინა ფედერაციის მიერ შპს „ფალავანთან“ დადებული გარიგების პირობებზე და გამოიწვია საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური, არაეკონომიური ხარჯვა“, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს