საჭიროა მეტი განათლება, მეტი ინფორმირებულობა იმისთვის, რომ ადამიანებს უფრო ფართო წარმოდგენა ჰქონდეთ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, - ამის შესახებ „მწვანე პოლიტიკა” - ატმოსფერული ჰაერის დაცვა“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამთავრობო პროგრამაში გათვალისწინებულია რაც შეიძლება მეტი მწვანე ზონის შექმნა და არსებულის გაფართოება.
„როგორც იცით, თბილისის მერია მოიძიებს შესაბამის ადგილებს ახალი მწვანე სივრცეების შესაქმნელად ქალაქის ცენტრალურ უბნებში, და დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა სულ უფრო და უფრო მასშტაბური გახდება. მიგვაჩნია, რომ ჩვენს საზოგადოებაში უნდა მოხდეს ღრმა კულტურული გარდატეხა გარემოს დაცვის კუთხით. საჭიროა მეტი განათლება, მეტი ინფორმირებულობა იმისთვის, რომ ადამიანებს უფრო ფართო წარმოდგენა ჰქონდეთ გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე. საზოგადოებას დროულად უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია როგორც ჰაერის მდგომარეობის, ისე მისი დაცვის გზებისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ. ცნობიერების ამაღლება გადამწყვეტი ფაქტორია ამ ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის გადასალახად, რადგან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე შექმნა ატმოსფერული ჰაერის ინფორმირების პორტალი, რომელიც როგორც ჰაერის მდგომარეობის შესახებ, ისე სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღების ძალიან კარგი საშუალებაა.
მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უკეთესი გარემო, უფრო სუფთა ჰაერი და მეტი მწვანე სივრცე შევუქმნათ ჩვენს მომავალ თაობებს“, - განაცხადა პრემიერმა.