მიხეილ ბატიაშვილი - მსოფლიო მნიშვნელობის მწერლების ვიზიტებით ხელს ვუწყობთ საქართველოს, როგორც საერთაშორისო ინტელექტუალური დისკუსიების პლატფორმად ჩამოყალიბებას

სამინისტრო მსოფლიო მნიშვნელობის მწერლების ვიზიტებით ხელს უწყობს საქართველოს, როგორც საერთაშორისო ინტელექტუალური დისკუსიების პლატფორმად ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მწერლის მარიო ვარგას ლიოსას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, კულტურის მიმართულებით წელს სამინისტროს ამბიციური გეგმები აქვს.

„ამ ყველაფრის დასაწყისი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იყო, სადაც საქართველომ აჩვენა ის სახე, მასშტაბი და ხარისხი, რაც გამოიხატა როგორც მსგავსი მნიშვნელოვანი სტუმრების ვიზიტებში, ისე სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებებში, რომლის მონაწილეც საქართველო იქნება. წლევანდელი გეგმები საკმაოდ ამბიციურია და, რას ვგეგმავთ კულტურის მიმართულებით, საზოგადოებას ამის შესახებ უახლოეს მომავალში მოვახსენებთ. ჩვენი ამოცანაა, ის ხარისხი რაც თუნდაც, ფრანკურტის წიგნის ბაზრობზე ვაჩვენეთ, უფრო გავზარდოთ და ქვეყნის წინსვლისთვის ყველა შესძლებლობა გამოვიყენოთ“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და აღიარებული პერუელი ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი მარიო ვარგას ლიოსა საქართველოს სექტემბრის შუა რიცხვებში ესტუმრება. ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ავტორის შეხვედრები არა მარტო ქართველ, არამედ სომეხ და აზერბაიჯანელ გამომცემლებთან და მთარგმნელებთან. მარიო ვარგას ლიოსა შეხვედრებს გამართავს ქართველ მკითხველთან და სტუდენტებთან. ავტორთან შეთანხმებით მზადდება სპეციალური კულტურული პროგრამა, რომლის მიზანია მარიო ვარგას ლიოსასთვის ქართული ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება. ეს იქნება მარიო ვარგას ლიოსას პირველი ვიზიტი კავკასიაში.

ქართულ ენაზე უკვე თარგმნილი და გამოცემულია ლიოსას ხუთი წიგნი - „ცუდი გოგოს ოინები“, „ვაცის ნადიმი“, „ქალაქი და ძაღლები“, „ხუთი კუთხე“ (გამომცემლობა ინტელექტი; მთარგმნელები ლანა კალანდია, მაკა გოგოლაშვილი), „დეიდა ხულია და სცენარისტი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; მთარგმნელი ამირან გაბესკირია). მიმდინარე წელს ქართველი მკითხველი ავტორის კიდევ ორ ნაწარმოებს გაეცნობა ქართულ თარგმანში - „საუბარი კათედრალში“ (გამომცემლობა ინტელექტი; მთარგმნელი ლანა კალანდია), „ბოლო ჟამის ომი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; მთარგმნელი დოდო ყვავილაშვილი).

მარიო ვარგას ლიოსა 20-მდე რომანის, უამრავი მოთხრობის, სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომისა და პიესის ავტორია. მიღებული აქვს არაერთი პრიზი, მათ შორის, სერვანტესის სახელობის პრემია – ყველაზე მნიშვნელოვანი ესპანურენოვან სამყაროში. 2010 წელს კი გადაეცა ნობელის პრემია ლიტერატურაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს