ლევან გოგიჩაიშვილი - მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაანებონ თავი ხალხთან კონფლიქტს, ეს სასამართლოს დაარტყამს

მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაანებონ თავი ხალხთან კონფლიქტს, ეს სასამართლოს დაარტყამს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს "რედისონ ბლუ ივერიაში" განუცხადა, სადაც ამ წუთებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, კრიტერიუმების შემუშავებამდე პროცესი ან იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა შეაჩეროს ან პარლამენტმა. "ბუნებრივია, არის ემოციური ფონი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა, იცით, რომ უმრავლესობაში არის კონსენსუსი მიღწეული უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე მორატორიუმის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. დღეს ეს პროცესი გაჟღერდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარლამენტის მხრიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ამ განწყობის გადაცემა, ბუნებრივია, სასიამოვნო არ არის. ისინი თვლიან, რომ ამ პროცესზე ექსკლუზიური უფლება მათ აქვთ, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა და საზოგადოების დაკვეთა სხვა არის. ერთ-ერთი მთავარი დაკვეთა არის ის, რომ შეჩერდეს უვადო დანიშვნები, რაც ორი გზით არის შესაძლებელი - გაიაზროს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პროცესი და თვითონ შეაჩეროს უვადოდ დანიშვნა კრიტერიუმების გაწერამდე, ან პარლამენტმა შეაჩეროს უვადო დანიშვნები. ასევე მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა, რადგან თუ ახლა ყველა მოსამართლე უვადოდ დაინიშნა, რაღა აზრი აქვს ამ რეფორმას? ეს არის იუსტიციის უაღლესი საბჭოსთვის არასასიამოვნო ინფორმაცია, მაგრამ მოუწევთ ამ ფაქტზე შეგუება. ყველამ ერთად უნდა გავაკონტროლოთ, რომ ხვალ ჩუმად არ შეიკრიბონ და რამე სია არ გაიტანონ. იცით, რომ წარმოდგენილია 48 მოსამართლე და ეს პროცესი უნდა გაჩერდეს. მოვუწოდებთ მათ, დაანებობ თავი ხალხთან კონფლიქტს, ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა კონსენსუსია. თუ პროცესს თვითონ არ შეაჩერებენ, ეს სასამართლოს დაარტყამს",- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, მაშინ, როდესაც არ იყო შემუშავებული მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მოსამართლეთა წარდგენის ექსკლუზიური უფლების გადაცემა იყო თუ არა შეცდომა? გოგიჩაიშვილმა უპასუხა: "რაც გინდათ ის დაარქვით, არის ასეთი ვითარება შექმნილი, რომლის მიმართაც საზოგადოებას ყოველდღიურად უჩნდება პროტესტი. მოდით, ამაზე ყველამ ავიღოთ პასუხისმგებლობა. მეც ვგრძნობ რაღაც ნაწილში ჩემს ბრალეულობას. მოსამართლეთა რაღაც ნაწილი უკვე დანიშნულია, რაც ეჭვებს იწვევს. იმდენად ცუდი გარემოა შექმნილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც ჩვენ არ გვიხარია. სანამ არ იქნება პროცესი დეტალურად გაწერილი, პასუხისმგებლობა აღებული, პროცესი უნდა შეჩერდეს. დღეს ვცდილობთ ეს პასუხისმგებლობა ავკიდოთ მათ",- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა