გიორგი მიქაუტაძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევისას, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმს, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი დაემატოს

კეთილსინდისიერების და კომპეტენტურობის კრიტერიუმს, რასაც კანონი მოსამართლის შერჩევისას ითხოვს, შესაძლოა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევისას კიდევ რამდენიმე კრიტერიუმი დაემატოს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს "რედისონ ბლუ ივერიაში" განუცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

როგორც მიქაუტაძემ აღნიშნა, კონკრეტული კრიტერიუმების შესახებ ჯგუფი მომდევნო შეხვედრაზე იმსჯელებს. "დღევანდელი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ ზოგად პრინციპებზე და განვიხილეთ მხარეების მიერ წარმოდგენილი წინადადებები. რაც შეეხება დეტალურ მსჯელობას, ეს მომდევნო შეხვედრისთვის გადაიდო, სადაც კონკრეტულ საკითხებზე იქნება მსჯელობა და გვექნება შენიშვნები. ჩვენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს და ასევე არამოსამართლე წევრებსაც წარდგენილი გვაქვს რამდენიმე საკანონმდებლო წინადადება, რაც ასევე იქნება განხილული მომდევნო სხდომაზე.

რაც შეეხება კეთილსინდისიერებას და კომპეტენტურობას, დეტალური განმარტება მოცემულია საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში, ეს არის ძირითადი კრიტერიუმები, რომელიც უნდა არსებობდეს მოსამართლისთვის, თუმცა, უზენაესი სასამართლოსთვის არ არის გამორიცხული, იყოს რამე დამატებითი კრიტერიუმი, რაც უკვე არსებობს. ასევე, რეგულაციებზეც გაიმართება დეტალური მსჯელობა",- განაცხადა მიქაუტაძემ.

გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ითხოვს, დაკონკრეტდეს ბერკეტები, რის მიხედვით არ უნდა გამწესდნენ უვადოდ მოსამართლეები 2024 წლამდე. "ეს უნდა დააკონკრეტებინოთ იმ პირს, ვინც ეს განაცხადა, 2024 წლამდე უვადოდ მოსამართლეების გამწესებასთან დაკავშირებით. დღევანდელი მდგომარეობით, მოქმედ კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში ვერ ვხედავ იმის საკანონმდებლო ბერკეტებს, საშუალებას, თუ როგორ შეიძლება შეჩერდეს ეს პროცესი 2024 წლამდე, რომ საერთოდ უარი ვთქვათ უვადოდ დანიშვნაზე. ამიტომ ვინც ეს მოსაზრება გამოთქვა, ვკითხოთ დეტალურად, რა ნორმებზე დაყრდნობით არის ეს შესაძლებელი, რომ 2024 წლამდე არც ერთი მოსამართლე უვადოდ არ დაინიშნოს", -განაცხადა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის მოთხოვნას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადადგომის შესახებ, მიქაუტაძე აცხადებს, რომ ეს მოთხოვნა არალეგიტიმურია. "ეს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური მოთხოვნა. ჩვენ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მოსამართლეთა კონფერენციის მიერ ვართ არჩეული და მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო ანგარიშვალდებული, ამიტომ არასამთავრობო სექტორს არ აქვს არანაირი უფლება, ასეთი მოთხოვნები დააყენოს",- განაცხადა მიქაუტაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა