ლია მუხაშავრია - სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტს ნება არ ყოფნის, ან ივანიშვილის განკარგულებას ელოდება, თუ როგორ მოიქცეს

როგორც ჩანს, სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით პარლამენტს არ ყოფნის ნება, ან ელოდება ბიძინა ივანიშვილიგანკარგულებას, თუ როგორ მოიქცეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ექსპერტმა ლია მუხაშავრიამ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შეფასებისას განუცხადა.

„ახლა მართლა გადამწყვეტი მომენტია იმისთვის, რომ ჩვენი საპროტესტო მუხტი არ შენელდეს, რადგან მე მეჩვენება, რომ მას შემდეგ, რაც საზოგადოება გამოვიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლის მოთხოვნით, საბჭოში ცოტა უკან დაიხიეს. მაგრამ გუშინ მოვისმინე მოსამართლეების გამოსვლები და აღვშფოთდი, მათ ისევ იერიშის რეჟიმი აიღეს და უფრო ყოჩაღად გრძნობენ თავს, ვიდრე უნდა გრძნობდნენ, რადგან აქეთ იშვერდნენ ხელს და ამბობდნენ, რომ თქვენ შეურაცხყოფას გვაყენებთო. მე ვფიქრობ, ასეთ სიტუაციაში გადამწყვეტი იქნება, რას იტყვის პირადად ბიძინა ივანიშვილი, რადგან როგორც ჩანს, პარლამენტს არ ყოფნის ნება, ან ელოდება ივანიშვილის განკარგულებას, როგორ მოიქცეს. როგორც ვხედავთ, იუსტიციის უმაღლესი საჭო თვითდაშლას არ აპირებს და კიდევ შეეცდებიან, რომ თავისი გაიტანონ, ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს კრიტიკა და შეურიგებლობა უმღლესი საბჭოს მიმართ, რადგან ისინი ძალიან საშიშები არიან არა მხოლოდ მართლმსაჯულებისთვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ლია მუხაშავრიამ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მას არ სჯერა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მართლა საქმისთვის არის შექმნილი.

„ჯერ ერთი გაირკვა, რომ თურმე ეს ჯგუფი გაცილებით ადრე იყო შექმნილი, ვიდრე ჩვენი საპროტესტო მოძრაობა დაიწყებოდა. მეორეც, ჩემი აზრით, ეს სამუშაო ჯგუფი არის მხოლოდ და მხოლოდ დროის გაწელვის მცდელობა და სწორი იყო არასამთავრობოების პოზიცია, რომლებმაც არ მიიღეს მის მუშაობაში მონაწილეობა. ამ ჯგუფმა უნდა შეიმუშაოს მხოლოდ წინადადებები, რომლებიც როგორი კარგიც არ უნდა იყოს და კრიტერიუმები დახვეწილი, თუ მას ჯეროვნად არ განახორციელებენ, მაშინ აზრი არ აქვს და ეს იქნება დროის ფუჭი გაყვანა იმისთვის, რომ ძალები მოიკრიბონ და ისინი გაიყვანონ, ვინც უნდათ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ სამუშაო ჯგუფს არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. პარლამენტს აქვს თავისი კომიტეტები, სადაც როგორც წესი, ხდება კანონების შემუშავება და მისი მიღება. ეს სამუშაო ჯგუფი აშკარად „ურმის მეხუთე თვალია“ და არანაირად არ აჩქარებს პროცესს. ამ სამუშაო ჯგუფმა რაც არ უნდა კარგი პროექტი შეიმუშაოს, მან მაინც უნდა გაიაროს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურები, რომ მივიდეს სესიაზე განსახილველად. ამიტომ ამ ჯგუფში რა მოსაზრებებიც იქნება გამოთქმული, ვფიქრობ, ამას არანაირი მნიშვენელობა არ აქვს. ჩემი აზრით, ივანიშვილი ვერ ერკვეოდა პროცესებში, ამიტომ შეაჩერეს ის 10 კაციანი სია, შემდეგ კი საზოგადოებრივი აღშფოთების ხმამ მის ყურამდე მიაღწია და ეს სია მანვე გაატანინა უკან. მე მგონი ახლა მიდის ძალთა ჭიდილი, ვინ ვის აჯობებს, საზოგადოება, ხალხი თუ პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც უნდა სასამართლო სისტემის სრული კონტროლი”, - აღნიშნა ლია მუხაშავრიამ.

რაც შეეხება მის მოლოდინს, ექსპერტი მიიჩნევს, რომ თუ აქტიურობა და საპროტესტო ტალღა უფრო განვითარდება, ხელისუფლება იძულებული იქნება უკან დაიხიოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭო „სამიდღემშიოდ უნდა გავრეკოთ“.

გუშინ სასამართლო სისტემის რეფორმის სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, რომელიც უკვე დატოვეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ. საბჭოს წევრებად რჩებიან დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობიდან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები და პარტია „ევროპული საქართველო“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო