ვაკის გამგებლის მოადგილე - მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ, არც მორალურად და არც ფიზიკურად, მიყვარხართ და დღეს გემშვიდობებით

მინდა იცოდეთ, რომ მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ არც მორალურად და არც ფიზიკურად. მიყვარხართ და დღეს გემშვიდობებით, - ამის შესახებ ვაკის გამგებლის მოადგილემ, თეიმურაზ ჩოჩუამ განაცხადა. როგორც მან განაცხადა, ბოლო 2 წლის განმავლობაში მასზე სხვადასხვა სახის ზეწოლა მიმდინარეობდა.

„რაც შეეხება, ჩემ დახმარებას ამ პროცესში, მინდა საზოგადოებამაც იცოდეს, ამ პროცესის ბოლო ეტაპზე მხოლოდ ხელს ვუშლიდი ამ პროცესის წარმოებას. ამიტომ გავემგზავრე სპეციალურად თბილისიდან. ვიცოდი რომ ინვესტორი ეს იყო ჩვეულებრივი სპეცოპერაცია, ამის გამოცდილება მაქვს. მე რომ მცოდნოდა, ამ ისტორიაში ფუგირირებდა თანხის ჩარიცხვა, ამის გაგებიდან პირველივე წუთში ჩემს ხელმძღვანელსა და საგამოძიებო ორგანოს საქმის კურსში ჩავაყენებდი. ამგვარი შეტევები, ზეწოლები ჩემზე 2 წელია მიმდინარეობს. ზოგი სახლში მოდის კონვერტით, ზოგი ვითომ ინვესტორი და მშენებელი მიწყობს მოლაპარაკებას. რამდენი ჩამოვთვალო აღარ ვიცი. 2 წლის განმავლობაში მაქსიმალურ სიფრთხილეს და ყურადღებას ვიჩენდი ჩემი კომპეტენციიისა და უფლებამოსილების ფარგლებში. წყალტუბო ჩემი საყვარელი ადგილია. თავიდან ბოლომდე ავაშენე, პრომეთეს მღვიმე, ყველაფერი ჩემი ხელითაა გაკეთებული, იქაურობა მიყვარს. ჩემ ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი ცენტრის, პარკის და მთლიანად ტურისტული კონცეფციის განვითარებაზე. ხელით ვებღაუჭებოდი ყველა ჩამოსულ ინვესტორს, რომ წყალტუბოთი დამეინტერესებინა. თავის დაძვრენას არ ვაპირებ, თუ ჩემი დანაშაული არის მზად ვარ მთელი სიმკაცრით ვაგო პასუხი. მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმ უხერხულობისთვის, რომ დღეს აქ მხედვათ. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს კოლეგებს, ჩემს რეკომენდატორებს. ცხოვრებაში სიჩქარე არ გადამიჭარბებია, ვცდილობ კანონით ვიცხოვრო, მე ვერ შევარცხვენ ჩემი ოჯახის სახელს. მინდა იცოდეთ, რომ მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ არც მორალურად და არც ფიზიკურად. მიყვარხართ და დღეს გემშვიდობებით", - განაცხადა ჩოჩუამ.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის გამგებლის მოადგილის, თეიმურაზ ჩოჩუასა და წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ.

შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-მა 25 იანვარს დააკავა. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ამავე საქმეზე ვაკის გამგებლის მოადგილე თეიმურაზ ჩოჩუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 26 იანვარს ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ თეიმურაზ ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული. გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს აღნიშნული შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

თავის მხრივ, თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად, უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16%-იან წილის ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში“, - ნათქვამია აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: მე ამ მდგომარეობის გადამტანი არ ვარ, არც მორალურად და არც ფიზიკურად - ვაკის გამგებლის მოადგილის სიტყვა სასამართლოში

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა