ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი ანაკლიის პორტის შესახებ წერს

პოპულარულმა ინტერნეტგამოცემა www.europeaninterest.eu-მ ანაკლიის პორტის შესახებ ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტის ფრედერიკ სთარის წერილი გამოაქვეყნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ აცნობეს, ვრცელ ანალიტიკურ სტატიაში, სათაურით: „პორტი ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთში“, სთარი ვრცლად მიმოიხილავს საქართველოს გეოპოლიტიკურ ვითარებას და მის ისტორიულ როლს.

„ახსენებთ „აბრეშუმის გზას“ და გვახსენდება, რომ ათასწლეულების განმავლობაში საქართველოსა და კავკასიის ტერიტორია ევროპის ჩინეთთან და ინდოეთთან დამაკავშირებელი დიდი სავაჭრო გზების განუყოფელი ნაწილი იყო. ანაკლიის მახლობლად არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები ამას ადასტურებს. უფრო ახლო წარსულში მრავალმა ქვეყანამ კასპიისა და შავი ზღვების კავკასიის გადამკვეთი მარშრუტი კონტინენტის მომცველი სატრანსპორტო დერეფნების მთავარ ელემენტად მიიჩნია,“ – ნათქვამია სტატიაში.

ფრედერიკ სთარი წერილში საქართველოს აწმყოზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, რუსეთის დამოკიდებულებაზე, პროექტის გამოწვევებზე, სირთულეებსა და პერსპექტივებზე საუბრობს.

„პირველ რიგში, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს ევროპა-ჩინეთის ვაჭრობას. ჩინეთის BRI-მ დასავლეთში საკმაო სკეპტიციზმი გამოიწვია. მაგრამ არც კავკასიასა და არც ცენტრალურ აზიაში ჩინეთის, ევროპისა და აშშ-ის დეკლარირებული ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. ფაქტობრივად, არის რეგიონები, სადაც აღმოსავლეთმა და დასავლეთმა, პრაქტიკულად, შეიძლება შეთანხმებას მიაღწიონ. თუ ანაკლია ამას ხელს შეუწყობს, ის კონფლიქტურ სიტუაციაში კომპრომისის მიღწევის საშუალება გახდება.

მეორე, ანაკლიის პორტი და ქალაქი ანაკლია დასავლეთ კავკასიაში განხორციელებული უდიდესი სამშენებლო პროექტი იქნება და, ამრიგად, ის დადებით გავლენას იქონიებს მთელ რეგიონზე, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის, სომხეთის, ჩრდილოეთ ირანისა და დასავლეთ საქართველოს ღარიბი რეგიონების ჩათვლით. იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს რეგიონები რამდენჯერმე კონფლიქტებმა მოიცვა, ეკონომიკური და სოციალური განვითარება, რასაც ანაკლია გვპირდება, უთუოდ სასიკეთო იქნება.

და მესამე, აღსანიშნავია ის სიკეთე, რომელსაც ეს ახალი პორტი და კომერციული ცენტრი საქართველოს მოუტანს: შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი, რომელთა უმრავლესობაც ტექნოლოგიებისა და ფინანსურ სექტორებში თანამედროვე უნარ-ჩვევების ფლობას მოითხოვს. თავის მხრივ, ეს საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციას მოახდენს, მას უფრო თვითკმარს გახდის, ხოლო საზოგადოება უფრო თანამედროვე და მომავალზე ორიენტირებული გახდება. ანაკლია მნიშვნელოვანია როგორც აღმოსავლეთისთვის, ისე დასავლეთისთვის, მაგრამ მისი ყველაზე ძლიერი გავლენა იმაში მდგომარეობს, რომ ის განამტკიცებს საქართველოს კავშირს ევროპასთან და ევროატლანტიკურ სივრცესთან. ქართველებმა უკვე განაცხადეს, რომ მათი სტრატეგიული მიზანი ევროპულ ცხოვრებასა და კულტურასთან ინტეგრაციაა. სთავაზობს რა ევროპის ქვეყნებს მათი პროდუქტების აღმოსავლეთში შეღწევის ახალ გზას, საქართველო ევროპისთვის უფრო მიმზიდველად იქცევა არა როგორც ეგზოტიკური შორეული ქვეყანა, არამედ ქვეყანა, რომელსაც უშუალო წვლილი შეაქვს მის კეთილდღეობაში,“ – აღნიშნულია სტატიაში.

კონსორციუმის ინფორმაციით, ჟურნალისტი ფრედერიკ სთარი ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტის ხელმძღვანელია. მუშაობს ვაშინგტონში ამერიკის საგარეო პოლიტიკის საბჭოსა და სტოკჰოლმის განვითარებისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტში. არის ავტორი წიგნისა „დაკარგული განმანათლებლობა: ცენტრალური აზიის ოქროს ხანა“, რომელიც 21 ენაზე ითარგმნა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა