ირინა მილორავა - გაზის დეტექტორების დამონტაჟებას მოსახლეობა უზრუნველყოფს თუ სახელმწიფოს მხრიდან მოხდება, ეს მსჯელობის საკითხია

გაზის დეტექტორების დამონტაჟებას მოსახლეობა უზრუნველყოფს თუ სახელმწიფოს მხრიდან მოხდება, ეს მსჯელობის საკითხია, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ ჟურნალისტებს თბილისის მერიაში განუცხადა. როგორც მილორავამ აღნიშნა, ეს საკითხიც ორ ნაწილად უნდა გაიყოს, რადგან უფრო მარტივად გადაწყვეტადია ახალ კორპუსებთან მიმართებაში რეგულაციის დაწესება, რაც შეეხება ძველ ბინებს, ეს იქნება კარგად შესასწავლი, ცოტა რთული საკითხი.

„დღეს იყო მსჯელობა იმ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების საკითხების გაძლიერების მიმართულებით. რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, აქ არის დეტექტორების სავალდებულოდ დამონტაჟების საკითხი, ასევე მეორე საკითხი ეხება იმ პირების კვალიფიკაციას, ვინც შიდა ქსელის სამონტაჟო სამუშაოებს ახორციელებს და ასევე მესამე საკითხია გაზის მიმწოდებელი კომპანიის ვალდებულება. ცვლილებები კანონმდებლობაში იქნება განსახორციელებელი. ასევე არის საუბარი მომხმარებლის პასუხისმგებლობის გამკაცრებაზე, უფრო ზუსტად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების ასახვაზე. ამის შემდეგ განხორციელდება ცვლილებები მთავრობის შესაბამის უზრუნველყოფის აქტებში. ეს იქნება ძირითადად, ტექნიკური რეგლამენტები, რომელიც ეხება ბუნებრივი გაზის უსაფრთხოების წესებს და შესაბამისად, ამ ცვლილებების საფუძველზე სემეკის მარეგულირებელ აქტებში ასახვას“, - განაცხადა მილორავამ.