საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები დაშავებულთა დახმარების ტაქტიკურ კურსს გადიან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავებულთა დახმარების ტაქტიკურ კურსს გადიან. სწავლება აშშ-ს საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA-ს) სპეციალისტების მხარდაჭერით მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მოსამზადებელი კურსი პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კუთხით ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკელ კოლეგებს წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, რათა ჩვენი პერსონალი უფრო მეტად იყოს მომზადებული ტექნოგენურ საფრთხეებთან გასამკლავებლად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით“, - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა.

DTRA-ს მიერ ორგანიზებულ პროექტში სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ. პროექტის ფარგლებში ქართულ მხარეს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების აღჭურვილობა გადმოეცემა. სწავლება, როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ კურსს მოიცავს და 5 დღის განმავლობაში გაგრძელდება.