მერია - დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ხეების სანიტარიული ჭრა გრძელდება

დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ხეების სანიტარიული ჭრა გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, დაზიანებული ხეების მოჭრა დღეს კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, ბახტრიონის ქუჩის ასახვევთან და მოსკოვის გამზირზე დაიწყო.

კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, სამუშაოების მიმდინარეობას შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორი ვახტანგ ნოზაძე გაეცნო. „ეკოსერვის ჯგუფის“ დირექტორის განცხადებით, სანიტარიული ღონისძიებების ფარგლებში მოჭრილი ხეები, რგვების შესაბამის სეზონზე, ახალი ხე-მცენარეებით ჩანაცვლდება.

„სამუშაოები დავიწყეთ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიიდან და, პარალელურად, ვმუშაობთ მოსკოვის გამზირზე. სანიტარიული ჭრები გაგრძელდება თბილისის სხვა რაიონებშიც. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ გაზაფხულზე, რგვების სეზონის დადგომისთანავე, თითოეული მოჭრილი ხის ნაცვლად ახალი ნერგები დაირგვება“, - განაცხადა ვახტანგ ნოზაძემ.

სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით, ჯამში 20 000-ზე მეტი ძირი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

წლების განმავლობაში, დედაქალაქის შემოგარენში და საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში არ იყო საფუძვლიანად შესწავლილი ფიჭვების საკითხი და არ ტარდებოდა შესაბამისი ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.

დაავადებული ფიჭვების მდგომარეობა, თბილისის მერიის ინიციატივით, უცხოელმა ექსპერტებმა შეისწავლეს. ამ ტიპის კვლევა საქართველოში პირველად ჩატარდა.

კვლევით დამტკიცდა, რომ ფიჭვის ხეებზე გავრცელებულია Tomicus Destruens-ის სახეობის მავნებელი მწერი. შესაბამისად, აუცილებელია მასშტაბური სანიტარული ჭრების განხორციელება დედაქალაქსა და მის შემოგარენში. ჭრების პარალელურად, ასევე, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ეზოებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების შესახებ ინფორმაცია, ფოტოსურათთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს მიაწოდოს, რათა მათზე დროული რეაგირება მოხდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა