ანა დოლიძე - გიორგი მიქაუტაძე კი არა ჩიკატილოც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე და გადაწყდეს მისი დანიშვნა, ამ ე.წ. გუნდის მიერ ის დაინიშნება

გიორგი მიქაუტაძე კი არა ჩიკატილოც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე და გადაწყდეს მისი დანიშვნა, ამ ე.წ. გუნდის მიერ ის დაინიშნება. ეს ვითარება პარლამენტმა შექმნა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ის გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, გიორგი მიქაუტაძესთან საბჭოში დღეს გამართულ გასაუბრების პროცესს. ანა დოლიძის თქმით, დღევანდელი გასაუბრებით დადასტურდა, რომ სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანი რეალურად არსებობს.

„დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გიორგი მიქაუტაძის გამოსვლაში იყო ის თვითაღიარება, რომ სასამართლო სისტემაში მართლაც არსებობს „კლანი". ჩვენ ნელ-ნელა ვიგებთ ამ ინფორმაციას თავად მოსამართლეების თვითაღიარებებიდან. მან აღიარა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიარა ე.წ. გუნდთან, ხოლო გუნდი, რომელიც მან აღნიშნა, არსებობს სასამართლო სისტემაში და ის არის ერთი ხედვის და მიზნის ერთგული ადამიანების გაერთიანება. ანუ, სასამართლოს შიგნით არსებობს ორგანიზებული გაერთიანება, რომელსაც აქვს გარკვეული ხედვა და სწორედ ამ გაერთიანებასთან ჰქონდა კონსულტაციები გიორგი მიქაუტაძეს „შავ სიასთან"დაკავშირებით.

უვადოდ დანიშვნები ისე მოაწესრიგა საქართველოს პარლამენტმა, რომ მას აკონტროლებდა და დღესაც აკონტროლებს „ქართული ოცნება" წარსულში თავისი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეებით. უმცირესობის ხმას, კითხვებს და წარმოდგენლილ არერთ ფაქტს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ იმ გუნდმა, რომელიც საბჭოს შიგნითაა, გადაწყვიტა ადამიანის დანიშვნა. ამიტომ, გიორგი მიქაუტაძე კი არა ჩიკატილოც რომ გამოვიდეს გასაუბრებაზე და გადაწყდეს მისი დანიშვნა ამ ე.წ გუნდის მიერ, ის დაინიშნება", - განაცხადა დოლიძემ.

დაუჭერს თუ არა გიორგი მიქაუტაძეს მხარს კენჭისყრაზე, კენჭიყრის კონფიდენციალობიდან გამომდინარე ანა დოლიძეს ეს არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეების შერჩევის მიზნით კონკურსი ოქტომბერში გამოაცხადა. გასაუბრების პროცესი 70-მდე მოსამართლემ გაიარა. საბჭოს მხარდაჭერის შემთხვევაში გიორგი მიქაუტაძე უვადოდ განმწესდება. მას განაცხადი თბილისის საქალაქო და სააპალაციო სასამართლოებში აქვს შეტანილი.