ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალურად გახსნის ეკონომიკურ კონფერენციას „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“, რომელიც ტექნოპარკში 29 – 30 იანვარს გაიმართება.

კონფერენციაზე საპატიო სტუმრად მიწვეულია ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი. კონფერენცია ჩატარდება ბრიტანული ჟურნალის - THE ECONOMIST წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“-ის ეგიდით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით.

კონფერენციის მიზანია, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, ახალი გამოწვევებისა და მომავალი განვითარების პერსპექტივის გლობალურ კონტექსტში განხილვა სამუშაო გარემოში. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია მთავრობის მიერ მიღწეული შედეგებისა და მომავალში განსახორციელებელი რეფორმების საჯარო განხილვები.

29 იანვარს კონფერენციაზე სამი პანელი გაიმართება. მათ შორის, პირველი პანელი დაეთმობა გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივების განხილვას. კონფერენციის მონაწილეების წინაშე მოხსენებებს გააკეთებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი. მოხსენებების შემდეგ სპიკერები დარბაზის შეკითხვებს გასცემენ პასუხს.

მეორე პანელი ფინანსურ სექტორში ინოვაციურ რეფორმებს დაეთმობა. აუდიტორიის წინაშე საფინანსო სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ისაუბრებენ. მათ გარდა, მოხსენებას გააკეთებს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი.

მესამე პანელზე ყურადღება დაგროვებით საპენსიო რეფორმასა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას დაეთმობა. აუდიტორიის წინაშე მოხსენებებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საპენსიო ფონდის დირექტორი ლევან სურგულაძე და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო გააკეთებენ.

კონფერენციის პირველ დღეს დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინტერვიუ The Economist-ის წლიური ჟურნალის „მსოფლიო 2019“ ქართული გამოცემისთვის.

30 იანვარს კონფერენციის დღის წესრიგი ხუთ პანელს მოიცავს. მათ შორისაა პანელი „საქართველოს რეგიონული განვითარების ახალი ხედვა. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები - ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის”.

პანელის სპიკერები იქნებიან ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იეშიმ ელჰან - კაიალარი.

მომდევნო პანელზე ყურადღება გამახვილდება საქართველოზე, როგორც აგრარულ ქვეყანაზე, მის მიღწევებსა და გამოწვევებზე. პანელის მთავარი მომხსენებლები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ასოციაცია „ქართული ღვინის“ თავმჯდომარე თინა კეზელი და ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე.

მომდევნო პანელები მიეძღვნება მწვანე ეკონომიკას მეწარმეობისა და ინოვაციების როლს ეკონომიკურ ზრდაში, აგრეთვე ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს - ახალი ბაზრებისა და ტურისტული პროდუქტების დივერსიფიკაცია.

ეკონომიკურ კონფერენციას “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” დაახლოებით 200 დელეგატი დაესწრება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო