მამუკა ბახტაძე - ვერასოდეს ჩავაყენებთ საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ ინვესტიციებს არ განვახორციელებთ განათლებაში

ვერასოდეს ჩავაყენებთ საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ მასშტაბურ ინვესტიციებს არ განვახორციელებთ განათლების სექტორში და ვერ გავხდით მას დომინანტს მთელს ეკონომიკაში,- ამის შესახებ ეკონომიკურ კონფერენციაზე - “საქართველო და მსოფლიო 2019 წელს” სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში საქართველოს მიერ გატარებულმა რეფორმებმა ძალიან ხელშესახები შედეგები მოიტანა.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ჩვენს მიერ გატარებულმა რეფორმებმა ძალიან ხელშესახები შედეგები მოგვიტანა. რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან და ჩემთვის ძალიან საამაყო გახლდათ, რომ ფაქტობრივად ყველა პანელზე, რომელიც ეხებოდა განვითარებად ბაზრებს (emerging markets), საქართველო ყველას მოჰყავდა, როგორც საუკეთესო მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის დემოკრატიის ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების თვალაზრისით, იმ თამამი რეფორმებისთვის, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ.

ამავდროულად, რა თქმა უნდა, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საკმარისი არ არის. საქართველოს მთავარ და მტკივნეულ გამოწვევად ჯერ კიდევ რჩება სიღარიბე, შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, ისეთი ტიპის ეკონომიკურ ზრდას, რომელიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარება, რათა ქვეყნის ეკონომიკის განვითარება ფოკუსირებული არ იყოს 1-2 მსხვილ ქალაქში. ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ გახლავთ. ზოგადად, ინკლუზიური ზრდა არის გლობალური ხასიათის პრობლემა, თუმცა, ვფიქრობ, ის ნაბიჯები, რომლებიც გადავდგით და რომლებსაც გადავდგამთ, საქართველოში ასეთი ტიპის ზრდის მიღწევაში დაგვეხმარება. ინკლუზიური ზრდა წარმოუდგენელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე, შესაბამისად, ჩემი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესი გახლავთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, თუმცა მიდგომა, როგორ უნდა მომხდარიყო ამ ყველაფრის ჩვენი ეროვნული ეკონომიკის სასიკეთოდ გამოყენება, ხშირად იყო ძალიან ფრაგმენტული.

„ვფიქრობ, ჩვენ შევძელით, ეს ერთიან სტრატეგიაში მოგვექცია. ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მოვისმინე, გახლდათ ის რომ, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, გახდეს მთელი რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ჩვენ ვართ კარიბჭე 8 ქვეყნისთვის, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი პოტენციალი, მაგრამ ამავე დროს - დიდი პასუხისმგებლობა. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომ გავზარდეთ ასე მნიშვნელოვნად ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში ბოლო წლების განმავლობაში. ეს არის მიზეზი, რატომ ვართ მოწადინებული, რაც შეიძლება მოკლე დროში გვქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ღრმაწყლოვანი პორტი. მინდა, ხაზი გავუსვა გლობალური მნიშვნელობის პროექტებსაც, რომლებიც უკვე ხორციელდება და დარწმუნებული ვარ, ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივი ძალისხმევით კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ.

ჩვენთვის, როგორც ქვეყნისთვის მთავარი აქტივი გახლავთ ჩვენი საზოგადოება, მთავარი ადამიანები. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ იმ ეკონომიკური პოლიტიკით, რომელსაც ვახორციელებთ, მოვახერხებთ ქვეყანაში სიღარიბის შემცირებას, მაგრამ ვერასოდეს ჩავაყენებთ საქართველოს განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში, თუ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, მასშტაბურ ინვესტიციებს არ განვახორციელებთ განათლების სექტორში და ვერ გავხდით მას დომინანტს მთელს ეკონომიკაში. როდესაც ამას შევძლებთ, ეს იქნება ერთადერთი ურყევი წინაპირობა, რომ საქართველო აუცილებლად შევა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყანათა რიცხვში. ეს არის ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის სულ მცირე 10-11%, რომელიც ყოველწლიურად აუცილებლად უნდა იყოს გამოყოფილი განათლების სექტორისთვის, როგორც საჯარო, ასე კერძო სექტორის მხრიდან. სწორედ ეს მოგვიტანს იმ წარმატებას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს. ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება არის ჩვენი მთავრობის აბსოლუტური პრიორიტეტი“, - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო