ბიძინა გეგიძე - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართულმა მოსამართლეთა კონფერენციამ საბჭოთა კავშირის დროინდელი სხდომები გამახსენა

„ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცესსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოვლენებს ნეგატიურად აფასებს.

„ერთი თვე გავიდა, რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტში წარმოადგინა უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა ათკაციანი სია, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არ პასუხობს არც ერთ სამართლიან მოთხოვნას. წარმოდგენილი კანდიდატების წინააღმდეგია საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა. კანდიდატებს მხარს უჭერს სიაში შემავალი ათი ადამიანი, მათი მეგობრები და ნათესავები, ხოლო ჩვენი მოსახლეობისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ბოლო ერთი თვე ჩემს კოლეგებთან ერთად ვითხოვ პროცესის გამჭვირვალობას, შედეგად კი მივიღეთ მხოლოდ ის, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში, 24-25 იანვარს გამართული სხდომის შემდეგ, 26 იანვარს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროინდელი სხდომები გამახსენა, გუშინწინ კი შედგა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. პროცესი უნდა ყოფილიყო ღია, გამჭვირვალე და პროგრესული, თუმცა, რაც ვნახეთ, უპერსპექტივოა და სრულ უნდობლობას იწვევს“, - განაცხადა გეგიძემ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ჰგავს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესს, რამაც მოსახლეობას მართლმსაჯულების სისტემის მიმართ კიდევ უფრო მეტი უნდობლობა გაუჩინა.

„როგორც აღნიშნულ საქმეზე შექმნილმა კომისიამ ვერანაირი შედეგი ვერ მოიტანა, ასევე, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ეს ფორმატი ვერ მოიტანს შედეგს, რასაც ელოდება ჩვენი ამომრჩეველი. ამ ჯგუფში თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო მონაწილეობს, რომელსაც აღარ გააჩნია რესურსი, პროცესში შეიტანოს პოზიტივი. აქედან გამომდინარე, სასამართლო რეფორმის ეს ჯგუფი ვერ შეიმუშავებს ვერანაირ კრიტერიუმებს და მთელი ეს პროცესი არის უპერსპექტივო. ამიტომ, აუცილებელია ისეთი ფორმატის შექმნა, რაც პროცესის მიმართ გააჩენს ნდობას.

სასამართლოსა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საკითხები არის ეროვნული ინტერესების ტოლფასი საკითხი, რადგან სამართლიანობის აღდგენა არ არის მხოლოდ მშრალი სტატისტიკა, ეს არის განცდა სწორი გადაწყვეტილების, მოქმედებებისა და, აქედან გამომდინარე, სასამართლო სისტემის მიმართ აღდგენილი ნდობის, რაც გულისხმობს იმას, რომ საჯარო პირებმა უნდა იმოქმედონ სახელმწიფო და არა კერძო ინტერესებიდან გამომდინარე.

„ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება სწორედ სამართლიანობის აღდგენა იყო,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო