სოფო კილაძე - თუ დადგინდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერი ნამდვილად გავრცელდა, მოვითხოვ უმკაცრეს რეაგირებას

თუ დადგინდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერი ნამდვილად გავრცელდა, მოვითხოვ უმკაცრეს რეაგირებას - ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მით უფრო, როდესაც ქალ პოლიტიკოსზეა საუბარი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არა აქვს მნიშვნელობა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამა თუ იმ ადამიანის მიმართ - აქ მთავარი იმ ფასეულობების დაცვაა, რასაც ადამიანის ღირსება ჰქვია.

კილაძე აცხადებს, რომ მას არ ჰგონია, რომ ამაში ჩართული იყოს მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა და “ვერც სასამართლოს თემა იქნება საქმის თავი და თავი“.

“პირველ რიგში, სამართალდამცავებს მივმართავ, უმოკლეს ვადებში დაადგინონ, ჰქონდა თუ არა ადგილი ქალი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერის გავრცელებას. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ნამდვილად გავრცელდა ასეთი ჩანაწერი, მოვითხოვ უმკაცრეს კანონისმიერ რეაგირებას. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, მით უფრო, როდესაც ქალ პოლიტიკოსზეა საუბარი. არა აქვს მნიშვნელობა ჩვენ რა დამოკიდებულება გვაქვს ამა თუ იმ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ აქ მთავარია იმ ფასეულობების დაცვა, რასაც ადამიანის ღირსება ჰქვია და რომელიც ნებისმიერი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოსთვის არის აბსოლუტური ღირებულება.

ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დიდი უბედურება, რასაც ჰქვია სხვისი პირადი ცხოვრებით მანიპულირება და ეს არ არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. იმ შემთხვევაში, თუ მართლა მოხდა ასეთი ინფორმაციის გავრცელება, მე არ მგონია, რომ ამაში ჩართული იყოს მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა, როგორც ეს მავანს სურს წარმოაჩინოს. ვერც სასამართლოს თემა იქნება ამ საქმის თავი და თავი. უმრავლესობის ბოლო შეხვედრაზე პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველანი შევთანხმდით კონკრეტულ საკითხებზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კრიტერიუმებთან, ასევე, პროცესის წარმარათვასთან მიმართებით და აზრთა სხვადასხვაობა ფუნდამენტურ საკითხებზე ფაქტობრივად აღარ დარჩა. ამაზე შეხვედრის შემდეგ, უმრავლესობის სხვადასხვა წევრი თავად საუბრობდა მედიასთან. ამიტომ, ყოველგვარ ლოგიკასაა მოკლებული მტკიცება, თითქოს სასამართლოს თემის გამო ვიღაცის დაშანტაჟებას აპირებს ხელისუფლება”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს