რომან კაკულია გამორიცხავს, რომ სოციალურ ქსელში ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან „ქართულ ოცნებას" ჰქონდეს კავშირი

საზოგადოებამ უნდა გაიგოს ვინ დგას ამ პროცესების უკან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან კაკულიამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს შესაძლო ხელყოფის საქმეზე საუბრისას განაცხადა

როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, ის ხელს ვერავისკენ გაიშვერს.

„ყველა ხედავთ, გიორგი გახარია ცდილობს მაქსიმალურად დაუბრუნოს პოლიციას ის სტატუსი, რას მას უნდა ჰქონდეს მხარდაჭერის სახით საზოგადოების მხრიდან. თუ ამ თემას აქვს რაიმე ტექნიკური ბარიერი, რომელიც ძნელად გადასალახია, ამაზეც ღიად უნდა ითქვას. თუ ასე არაა, მაშინ უახლოეს დროში, მეტი სიცხადეა საჭირო, საზოგადოებამ უნდა გაიგოს ვინ დგას ამ პროცესების უკან", - განაცხადა კაკულიამ.

დეპუტატი გამორიცხავს, რომ ამ კადრების გავრცელებას „ქართულ ოცნებასთან" ჰქონდეს კავშირი.

„ამას გამოვრიცხავ აშკარად. ვინ მიიღო ყველაზე მეტი დარტყმა ამ პროცესებისგან? მივიღეთ თითოეულმა ჩვენგანმა, არავის ინტერესი არაა ასოცირებული იყოს იმ ძალასთან, რომელიც შეიძლება კავშირში იყოს ამასთან. ჩემი გუნდის არც ერთი წევრი ამას არ იზიარებს. ძალოვნებს დაველოდოთ, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ამის გამოძიება", - განაცხადა კაკულიამ.

მისი თქმით, მან აღნიშნული ჩანაწერების შესახებ დეპუტატ დავით ჭიჭინაძისგან გაიგო.

„დავით ჭიჭინაძემ გააკეთა განცხადება უშუალოდ ჩემი კომიტეტის დაწყების წინ, მე მისგან გავიგე. იმ მომენტისთვის ისიც არ ვიცოდი, ქსელში გავრცელებაზე იყო საუბარი თუ გარკვეული რაოდენობის ადამიანებისთვის პირდაპირ ჩაგდებაზე", - განაცხადა კაკულიამ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

იხილეთ ვიდეო: "გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან "ქართული ოცნების" კავშირი გამორიცხულია" - მმართველი გუნდის წევრები ეკა ბესელიას მიმართვას ეხმაურებიან

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს