მაია ცქიტიშვილი - საზოგადოების როლი არის ის, რომ ჩვენ თვითონ არ შევუწყოთ ხელი ფარული ჩანაწერების გავრცელებას

საზოგადოების როლი არის ის, რომ ჩვენ თვითონ არ შევუწყოთ ხელი ფარული ჩანაწერების გავრცელებას, მათ შორის ყურებაზე უარის თქმითაც, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა.

„ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შეფასება შეიძლება იყოს ერთი - ეს მიუღებელია ყველა სტანდარტით. ვიცი, რომ გამოძიება გუშინვე დაიწყო და უკვე მოხდა გამოკითხვა, მათ შორის, დავით ჭიჭინაძის განცხადების კვალდაკვალაც იყო დაწყებული პროცედურები. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ძალოვანი ორგანოები სრულ ძალისხმევას ჩადებენ იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. ადამიანური, მორალური თვალსაზრისითაც, სრულად მიუღებელია და ამას ალბათ, მთელი საზოგადოება უნდა აღუდგეს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე შეიძლება თუ არა, რომ ფარული ჩანაწერების გავრცელება დეპუტატ ეკა ბესელიასა და გუნდის სხვა წევრებს შორის დაპირისპირება ყოფილიყო, ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არ იყო დაპირისპირება, გუნდში იყო აზრთა სხვადასხვაობა.

„მე არ გავაკეთებდი ასეთ შეფასებას. გუნდში ყოველთვის არის საკითხები, რომელზეც შესაძლოა, განსხვავებული შეხედულებები არსებობდეს. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ გუნდში ორი დღის განმავლობაში ძალიან ხანგრძლივი შეხვედრა მიმდინარეობდა, რაც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, რომ ეს აზრთა სხვადასხვაობა შევაჯეროთ, გვქონდეს ნაყოფიერი დისკუსია. ის ურთიერთობები, რომელიც გუნდში არსებობს და ურთიერთობის სტანდარტები, კატეგორიულად გამორიცხავს გუნდის წევრებს შორის ასეთი მეთოდებით საუბარს ოპონენტებთან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს