დავით ზალკალიანი - ესპანეთი საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების საქმეში

ესპანეთისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა შეხვედრაზე მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-ესპანეთის ურთიერთობებსა და საქართველოს განვითარების გზაზე მიღწეულ პროგრესს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე განცხადებით, მინისტრებმა ორივე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ესპანეთი საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვან დახმარებას უწევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის ურყევი პოზიცია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ესპანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანმა კოლეგას დეტალურად გააცნო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ამჟამად არსებული ვითარება და რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯები და ხაზი გაუსვა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების აუცილებლობას. „მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის გააქტიურებულ ბიზნეს და ეკონომიკურ კავშირებს, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში წარმატებით ოპერირებენ წამყვანი ესპანური კომპანიები. ამ მხრივ ორივე ქვეყნის საგარეო მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო შესაძლებლობებს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში არსებული ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, ასევე საქართველოს პოზიტიური საერთაშორისო რეიტინგები კარგ საფუძველს იძლევა ევროპული კომპანიებისთვის დაინტერესდნენ საქართველოს - როგორც აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებზე გამავალი ხიდის ფუნქციით.

ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მხრიდან განხორციელებულ წარმატებულ და ხელშესახებ რეფორმებს, რომელიც შეუქცევადს ხდის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზას. ასევე, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის გააკეთოს იმაზე მეტი, რასაც მისგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს, რათა მიაღწიოს საბოლოო მიზანს რაც ევროკავშირში სრულფასოვან გაწევრიანებას უკავშირდება“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დავით ზალკალიანმა ესპანელი კოლეგა მიმდინარე წლის ივლისში ბათუმში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე მონაწილეობის მიზნით მიიწვია. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ორივე ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაადასტურა რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მადრიდში განხორციელებული ვიზიტი ხელს შეუწყობს შემდგომ თანამშრომლობის განვითარებას ყველა მიმართულებით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს