ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პარლამენტს „სოციალური მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრებები წარუდგინა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, მიესალმებიან პარლამენტის წევრების ინიციატივას სოციალური მეწარმეობის საკითხების ერთიანი საკანონმდებლო რეგულირების თაობაზე.

როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულმა ინიციატივამ უნდა უზრუნველყოს სოციალური საწარმოების სამართლებრივი და ფინანსური გარანტიების შექმნა, ქვეყანაში არსებულ სოციალური საწარმოების დახმარება და სოციალური მიზნებით ახალი საწარმოების შექმნის წახალისება.

საია მიიჩნევს, რომ ინიცირებული კანონპროექტი საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რათა საკანონმდებლო მოწესრიგება შეესაბამებოდეს სოციალური მეწარმეობის სფეროში არსებულ საერთაშორისო და ევროკავშირის სტანდარტებს.

„სოციალური მეწარმეობის არსი და საქმიანობის სფეროების შეზღუდვა - კანონპროექტის მე-3 მუხლი სოციალური საწარმოს შექმნას უშვებს მხოლოდ განათლების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, სპორტის და გარემოს დაცვის სფეროებში. მიგვაჩნია, რომ სოციალური საწარმოების შექმნისათვის კანონმდებლობით სფეროების შეზღუდვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის თავისუფლებისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს, რადგან დაინტერესებულ პირებს არ აქვთ შესაძლებლობა, სოციალური მიზნების არსებობის მიუხედავად, სხვა სფეროებში დააფუძნონ სოციალური საწარმო და ისარგებლონ შესაბამისი გარანტიებით. გარდა ამისა, ამ შეზღუდვით უკვე არსებულ, სხვა სფეროში მოღვაწე არაკომერციულ იურიდიულ პირებს ერთმევათ უფლება, გარდაისახონ სოციალურ საწარმოებად, რაც მათ მდგომარეობას არსებითად გააუარესებს“, - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სოციალური მეწარმეობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა