გიორგი ქობულიამ საერთაშორისო კონფერენციაზე გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზე მოხსენება გააკეთა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მონაწილეობდა კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ და გლობალურ ეკონომიკაში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებზე მოხსენება გააკეთა.

როგორც „ინტერპრესიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, კონფერენცია თბილისის ტექნოპარკში ბრიტანული ჟურნალის „ეკონომისტის“ წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“ ეგიდითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსებით მიმდინარეობს. კონფერენცია 29 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად გახსნა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ აუდიტორიას საქართველოს ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითადი მიზნები და გამოწვევები წარუდგინა. მათ შორის, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამუშაო ადგილების შექმნაზე, ეკონომიკური ზრდის ინკლუზიურობაზე, სიღარიბის დაძლევაზე, ასევე ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარებასა და ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დამყარებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობაზე.

გიორგი ქობულიამ საქართველოსთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობად გამოყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების არსებობა, რომელიც ქვეყანას აქვს მსოფლიოს ისეთ დიდ ბაზრებთან, როგორიცაა ევროკავშირი, ჩინეთი, დსთ და სხვ. ამასთან, მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებათა გაფორმების მიმართულებით ისეთ სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორებთან, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, ინდოეთი, ყურის ქვეყნები, იაპონია და აშშ.

მინისტრის პრეზენტაციის დიდი ნაწილი დაეთმო სატრანსპორტო–ლოგისტიკური სისტემების განვითარებას და საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების საერთაშორისო აღიარებას. მან ასევე ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან რეფორმებზე საზღვაო პოტენციალის ათვისების, სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისა და ადგილობრივ სამოქალაქო ავიაციაში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების მიმართულებით.

30 იანვარს კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019“ გაგრძელდება“.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს