მარიამ ჯაში ფარული ჩანაწერის გავრცელებაზე - კონკრეტული პირებისგან პროვოკაციებს არ გამოვრიცხავ, თუნდაც სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან

არ გამოვრიცხავ პროვოკაციებს კონკრეტული პირებისგან, თუნდაც სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მარიამ ჯაშის თქმით, პირადი ცხოვრება უნდა იყოს ხელშეუხებელი.

„რომელ პოლიტიკურ ძალასაც არ უნდა ეხებოდეს ეს, იქნება ჩვენი გუნდის წევრი, ოპოზიცია, ყველაზე რადიკალურად დაპირისპირებული ძალა თუ ნებისმიერი საზოგადო მოღვაწე უნდა იყოს დაცული პირადი სივრცის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტიებით. რაც შეეხება დღეს მიმდინარე დისკუსიას ეკა ბესელიასთან დაკავშირებით, პირადად მე არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია პირად კომუნიკაციებში და ძალიან რთულად წარმომიდგენია, რომ ამ ყველაფრის უკან ჩვენი გუნდის, მმართველი გუნდის წევრები იდგნენ. ვფიქრობ, რომ იმდენად ფაქიზია პირად საკითხებთან დაკავშირებით საუბარი, რომ არ გამოვრიცხავ პროვოკაციებსაც კონკრეტული პირებისგან, თუნდაც სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, რამდენადაც ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი, მაგრამ იმედი მაქვს, პროკურატურა ამ შემთხვევაში იმოქმედებს ეფექტურად და მიმდინარე გამოძიება დასრულდება", -განაცხადა ჯაშმა.

რაც შეეხება ზოგიერთი პოლიტიკოსის მინიშნებას, რომ ფარული ჩანაწერების უკან შესაძლოა იდგნენ "ქართული ოცნების" გუნდის წევრები, ჯაშმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე დისკუსია გაუჭირდება.

„ჩემთვის პირადად, "ქართული ოცნების" გუნდის წევრისთვის ძალიან მიუღებელია კონფლიქტი გუნდის წევრებს შორის. ვფიქრობ, არის საკითხები, რომელიც აუცილებლად უნდა ირჩეოდეს გუნდის შიგნით და არ უნდა ხდებოდეს აღნიშნული საკითხების გარეთ გამოტანა საჯარო სივრცეში და ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ვცეთ პატივი ამ წესებს",- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა