გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - ბრალდებები სკოლის გამოცდების მოხსნისა და ეროვნულ გამოცდებში ცვლილებების გამო კორუფციის საფრთხეზე, არგუმენტს მოკლებულია

აქამდე იყო შემთხვევები, რომ ბავშვს მთელი 4 წლის განმავლობაში მათემატიკა უნდა ესწავლა, თუმცა უნივერსიტეტში გეოგრაფიით ხვდებოდა - ასეთი რაღაც აღარ იქნება, პირიქით, ეს სისტემა უფრო სამართლიანი იქნება, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ გამოცდებთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიციის ბრალდებები სკოლის გამოსაშვები გამოცდების მოხსნისა და ეროვნულ გამოცდებში არსებული ცვლილებების გამო კორუფციის შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით, სუსტი და არგუმენტს მოკლებულია.

„გამოცდები ისევ არის ცენტრალიზებული: 3 ცენტრალიზებული გამოცდაა, რომლის ჩაბარებაც არის აუცილებელი და ასევე, დამატებითი გამოცდა, რომელსაც უნივერსიტეტი აირჩევს და უფრო რელევანტური იქნება, ვიდრე აქამდე იყო. აქამდე იყო შემთხვევები, რომ ბავშვს მთელი 4 წლის განმავლობაში მათემატიკა უნდა ესწავლა და გეოგრაფიით ხვდებოდა უნივერსიტეტში. ასეთი რაღაც აღარ იქნება, პირიქით, უფრო სამართლიანი იქნება ეს სისტემა.

უნარების გამოცდაც დარჩა, როგორც არჩევითი საგანი და უნივერსიტეტებს კვლავ შეუძლიათ, ეს საგანი აირჩიონ. ცენტრალიზებული გამოცდები ისევ რჩება, უბრალოდ, უნივერსიტეტების ავტონომია ცოტა უფრო გაიზარდა და არჩევითი საგნების ნუსხა უფრო რელევანტური გახდა. არგუმენტი იმდენად სუსტია ჩემთვის, რომ არც კი ვიცი, რა ვუპასუხო“, - განაცხადა სოფო გორგოძემ.

ამასთან, სოფო გორგოძემ 3 თებერვალს განათლების სამინისტროსთან მე-12 კლასის მოსწავლეების მიერ დაგეგმილი აქციის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ მათთვის აღნიშნული რეფორმის განხორციელება წელს ვერ მოხერხდება.

2019 წელს მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წელს კი მე-12 კლასისაც. ცვლილებები ეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც. კერძოდ, 2020 წელს ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, ის არჩევით გამოცდად დაამატონ. ამასთან, 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის გამოცდა ყველასთვის სავალდებულო იქნება. მესამე სავალდებულო საგანი კი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლის პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა