„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუმჯობესდა, თუმცა ეს ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა

კორუფციის აღქმის ინდექსით გასულ წელთან შედარებით საქართველოს შედეგი 2 ქულით გაუმჯობესდა, თუმცა ეს ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა, - ამის შესახებ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც 2018 წელს კორუფციის აღქმის ინდექსს მოიცავს. აღნიშნულ კვლევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, რომელთა შედეგი CPI-ს კვლევაში 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა (უკეთესობისკენ ან უარესობისკენ).

„გასათვალისწინებელია, რომ კვლევაში ასახული არ არის 2018 წლის მიწურულს გახმაურებული მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები, რომლებმაც მომავალში შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინონ რეიტინგში საქართველოს პოზიციაზე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ CPI-ს შედეგების ანალიზში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ემუქრება „უკუსვლა დემოკრატიის სფეროში, რაც მაღალი დონის კორუფციის საფრთხეს ზრდის და გულისხმობს, რომ ქვეყანა მომავალში დაკვირვებას საჭიროებს.“

იმავე ანალიზის თანახმად, ასეთი მდგომარეობის მიზეზებია „ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სამართალდამცავ უწყებებში, კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, სახელმწიფოს მიტაცება და მთავრობის მიერ ორგანიზებული თავდასხმები დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებაზე.“ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მიუხედავად ხელისუფლებაში კორუფციისა და უკანონო ქმედებების გამოძიების გადაუდებელი საჭიროებისა, საქართველოს არ შეუქმნია დამოუკიდებელი სააგენტოები, რომლებიც სათანადო მანდატით იქნებოდნენ აღჭურვილნი.“

დოკუმენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას „დაყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას“, - ნათქვამია კვლევაში.

ცნობისთვის, კორუფციის აღქმის ინდექსი, რომელიც წელს 26-ედ ქვეყნდება, ემყარება ექსპერტების მოსაზრებებს საჯარო სექტორში კორუფციის დონის შესახებ.

2018 წლის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე ყველაზე დაბალია დანიაში (88 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - სომალიში (10 ქულა).

2018 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მენეჯერთა აზრის კვლევა, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“.

ამასთან, რომელიც 180 ქვეყანას შორის, საქართველოს 58 ქულა აქვს და 41-44-ე ადგილებს იყოფს ლატვიასთან, ესპანეთთან და სენტ-ვინსენტსა და გრენადინებთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა