ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოს ახალი პროდუქტებისა და ელექტრონული სიგარეტების მიმართ რეგულაციების შენარჩუნებას ითხოვს

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებისგან თამბაქოს ახალი პროდუქტებისა და ელექტრონული სიგარეტების მიმართ რეგულაციების შენარჩუნებას ითხოვს.

ქვეყანაში თამბაქოს ახალი პროდუქტების რეგულირებასთან დაკავშირებით ჯანმო-ს საქართველოს ოფისი განცხადებას ავრცელებს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების ზეგავლენისგან დაცვას ურჩევს. უმნიშვნელოვანესია მოქმედი კანონმდებლობის და სახელმწიფო პოლიტიკის სათანადოდ დაცვა, მათ შორის, თამბაქოს ახალი პროდუქტებისა და ელ-სიგარეტების მიმართ რეგულაციების შენარჩუნება.

მსოფლიო ბაზარზე ელექტრონული სიგარეტები და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი დაახლოებით 15 წლის წინ გამოჩნდა, საქართველოში კი, უფრო გვიან, თუმცა, სწრაფადვე მასშტაბური მოხმარების პროდუქტი გახდა. 2016 წელს, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, აშშ დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის ფარგლებში, 13-15 წლის ბავშვებში თამბაქოს მოხმარება შეისწავლა. დადგინდა, რომ ამ ასაკის ბავშვების 12,6% ჩვეულებრივ სიგარეტს, ხოლო 13,2% ელ-სიგარეტს რეგულარულად მოიხმარს. აღსანიშნავია, რომ ელ-სიგარეტების მოხმარებელ ბავშვთა 40%-ს არასოდეს გაუსინჯავს თამბაქოს სხვა ნაწარმი, ხოლო 39% მასთან ერთად რეგულარულად მოიხმარს სხვა თამბაქოსაც. ეს ციფრები პრობლემის ხასიათსა და მასშტაბზე მიგვანიშნებს, - ე.წ. ახალი თამბაქოს ნაწარმი და ელ-სიგარეტები სავარაუდოდ, მომხმარებელთა ახალ სეგმენტებს იზიდავს და ხშირად მოწევის დაწყების საშუალებაა, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო ზრდის ნიკოტინდამოკიდებულების მასშტაბებს.

2017 წლის მაისში საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობა მიიღო. მასში ასახული თანამედროვე მიდგომების გამო, მას ხშირად „ახალი თაობის“ თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობას უწოდებენ და მრავალი ქვეყნისთვის სამაგალითოა. ასეთ შეფასებას ე.წ. ელ-სიგარეტების და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის რეგულაციაც განაპირობებს. საქართველოს კანონმდებლობით, ნიკოტინის მიწოდების ელექტრონული სისტემები და გასახურებელი თამბაქოს პროდუქტები თამბაქოს ყველა სხვა ნაწარმის მსგავსად რეგულირდება. აკრძალულია მისი მოხმარება დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში, რეკლამა, პოპულარიზაცია და სპონსორობა, მათ შორის, დახლებზე გამოფენა, რეგულირდება მათი რეალიზაციის წესები და სხვა. რეგულაციების მიზანია საქართველოში, განსაკუთრებით ბავშვებსა და ახალგაზრდებში, თამბაქოს პროდუქტების მოხმარების შემცირება და აღმოფხვრა.

იმის გამო, რომ აღნიშნული პროდუქტები შედარებით ახალია, ჯანმრთელობაზე მათი უარყოფითი ეფექტები ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. უკვე ცნობილია, რომ ისინი შეიცავენ და/ან მოხმარებისას გამოყოფენ ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის მქონე ნივთიერებებს. ამასთან, თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებების მიუხედავად, არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ეს პროდუქტები მოწევაზე თავის დანებების საშუალებაა. მათ შემადგენლობაში არსებული ნიკოტინი დამოკიდებულებას იწვევს. ამასთან, შეიცავენ სხვა ისეთ ნივთიერებებსაც (მ.შ. კანცეროგენები), რომელთაც უარყოფითი გავლენა აქვთ ჯანმრთელობაზე და შესაბამისად, დამოუკიდებელ კვლევებს საჭიროებენ. ამ პროდუქტების შემადგენელი ნივთიერებებისგან მოსალოდნელის გარდა, სხვა ტიპის რისკებიც არსებობს. აღსანიშნავია, რომ ელ-სიგარეტებს და გასახურებელ თამბაქოს მრავალ პროდუქტს ფლობს ის კომპანიები, რომლებიც წარსულში უპირატესად სიგარეტს აწარმოებდნენ. უკვე არსებული მონაცემების თანახმად, ეს ახალი პროდუქტები თამბაქოს კონტროლის რეგულაციების გვერდით ავლის და თამბაქოს მოხმარების რენორმალიზაციისთვის გამოიყენება, რაც საზოგადოების ჯანმრთელობის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს ურჩევს გასახურებელი თამბაქო თამბაქოს სხვა პროდუქტების მსგავსად დაარეგულირონ, რაც საქართველოს კანონმდებლობაში უკვე ასახულია. ეს არ გამორიცხავს ქვეყნების მიერ, ეროვნული ინტერესების შესაბამისად მათ სრულ აკრძალვასაც. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა თანხვდება და პასუხობს გლობალურ ტენდენციებს და ასახავს დღეს არსებული ცოდნის დონეს ელექტრონული სიგარეტების და მსგავსი პროდუქტების პოტენციური რისკების შესახებ. ეს ეფექტური გზაა ახალგაზრდების და ბავშვების, არამწველების და სხვათა მიერ თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის დაწყების პრევენციისათვის. ამ პროდუქტების მიმართ მსოფლიოს მრავალ ქვეყანას უფრო მკაცრი რეგულაციებიც აქვს, 32 ქვეყანაში ისინი აკრძალულია.

საგულისხმოა, რომ საქართველოს მოსახლეობა დადებითად შეხვდა თამბაქოს კონტროლის ახალ რეგულაციებს და ბოლო მონაცემებით, დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის ნაწილში 85%-იანი, ხოლო რეკლამის აკრძალვის ნაწილში კიდევ უფრო მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს. კანონის აღსრულების მაჩვენებელი მაღალია ყველა ძირითადი მიმართულებით: დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვის, რეკლამის და პოპულარიზაციის აკრძალვის, ვაჭრობის რეგულირების ნაწილებში.

ამ კანონმდებლობის და სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკის პირველი შედეგები უკვე გამოჩნდა. კერძოდ, წინასწარი მონაცემებით, მწეველთა და მოხმარებული თამბაქოს რაოდენობა კლებულობს, ხოლო არამწეველთა ექსპოზიცია თამბაქოს მეორადი კვამლისადმი მკვეთრად შემცირდა. ახლო მომავალში უნდა ველოდოთ ამ ცვლილებების ეფექტს უკვე მოსახლეობის ჯანმრთელობის ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა დაავადების და სიკვდილობის შემცირება. ამისთვის უმნიშვნელოვანესია თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის მდგრადობა, რათა ტენდენციები შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაღრმავდეს.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის საინვესტიციო შემთხვევის ანალიზის შესაბამისად, აღნიშნული ღონისძიებებით და რეგულაციებით ათობით ათასი საქართველოს მოქალაქე გადარჩება და 15 წლიან პერსპექტივაში 3,6 მილიარდი ლარი დაიზოგება.

თამბაქოს ინდუსტრია და მასთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებული ჯგუფები ცდილობენ კანონი შეასუსტონ, ან მისი ეფექტური დანერგვა ჩაშალონ. ასეთი მცდელობები წარსულშიც ყოფილა და უამრავ ქვეყანას მსგავსი გამოცდილება აქვს. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით ხშირად, ამ მხრივ, სწორედ გასახურებელი თამბაქოს და ელ-სიგარეტების საკითხები გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკის თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესებისაგან დაცვა თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლის მოთხოვნაა, რომლის სრულად დანერგვის პასუხისმგებლობა საქართველომ აიღო. ამ საკითხთან დაკავშირებით, კანონი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემის ვალდებულებასაც ითვალისწინებს. შესაბამისი დოკუმენტი უკვე შემუშავებულია. ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას უახლოეს პერიოდში მისი ოფიციალურად დამტკიცებისა და რეალიზაციისკენ მოვუწოდებთ“, – ნათქვამია საქართველოში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფისის განცხადებაში, რომელსაც „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს