პედაგოგთა პროფკავშირის პრეზიდენტი - მოვუწოდებთ განათლების სამინისტროს, ღრმად გააანალიზოს დაანონსებული რეფორმის პრიორიტეტების ყველა ასპექტი

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებულ რეფორმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მოუწოდებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღრმად გააანალიზოს დაანონსებული რეფორმის პრიორიტეტების ყველა ასპექტი და ნუ დაეყრდნობიან მხოლოდ იმ ე.წ. ექსპერტების მოსაზრებებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ განათლების სისტემაში ჩატარებულ ყველა რეფორმას, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში.

„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ვუერთდებით საზოგადოებაში გამოწვეულ ვნებათაღელვას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაანონსებული რეფორმის ხედვასა და პრინციპებთან დაკავშირებით.

ზოგადი და ბუნდოვანია სამინისტროს განცხადებები საჯარო სკოლის მასწავლებლის ანაზღაურებისა და ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემის ცვლილებების თაობაზე. ასევე, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ვუბრუნდებით იგივე მიდგომებს, რაც მოქმედებდა 2005-2010 წლებში, როდესაც გაუქმებული იყო სკოლის გამოსაშვები გამოცდები. შედეგები იმდენად კატასტროფული იყო, რომ წინა ხელისუფლება იძულებული გახდა, გაეუქმებინა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და აღედგინა სკოლის გამოსაშვები გამოცდები-სასკოლო საატესტატო გამოცდების სახით. მომავალი რეფორმის სხვა მიმართულებებისადმი არსებული ხედვებიდან იკვეთება, რომ ვბრუნდებით იგივე წრეზე, რაც გავიარეთ 2004-2010 წლებში. ალბათ, ყოველივე ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ახალი რეფორმის მთავარ იდეოლოგებად გვევლინებიან ძირითადად იმავე გუნდის წევრები, რომლებმაც 2004 წელს დაიწყეს და განახორციელეს განათლების რეფორმა.

ბუნებრივია კითხვა - საატესტატო გამოცდების გაუქმება და სხვა ასპექტები, რაც დაანონსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, რამდენად შეუწყობს ხელს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას სკოლებში, რაც რეფორმის ძირითად მიზანს უნდა წარმოადგენდეს.

ვფიქრობთ და ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სასკოლო-საატესტატო გამოცდების გაუქმება დააკნინებს სკოლის როლს, მოსწავლეებს დაუკარგავს მოტივაციას და გამოიწვევს ნეგატიურ პროცესებს სკოლებში. რაც მთავარია, გაძლიერდება რეპეტიტორთა ინსტიტუტი მხოლოდ იმ საგნებში, რომლის ჩაბარებაც სავალდებულოა ეროვნულ გამოცდებზე.

მაშინ როდესაც, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, უმაღლეს სასწავლებლებში ფაქტიურად არ არსებობს კონკურსი (ერთეული ფაკულტეტების გარდა) და უნივერსიტეტების მიერ გამოცხადებული საკონკურსო ადგილების რაოდენობა აღემატება აბიტურიენტთა რაოდენობას, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, გადასალახი ბარიერის განსაზღვრის უფლება მიენიჭოს უნივერსიტეტებს.

გამოვხატავ რა პედაგოგთა კორპუსის აბსოლუტური უმრავლესობის აზრს, მოვუწოდებთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ღრმად გააანალიზოს დაანონსებული რეფორმის პრიორიტეტების ყველა ასპექტი და ნუ დაეყრდნობიან მხოლოდ იმ ე.წ. ექსპერტების მოსაზრებებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ განათლების სისტემაში ჩატარებულ ყველა რეფორმას, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში.

საკითხი აქტუალურია, ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას და შეცდომის დაშვების უფლება არავის აქვს“, - ნათქვამია განცხადებაში.