პროკურატურა - ჯეკ შეფერდის მიერ გამარტივებული პროცედურით ექსტრადიციაზე უარის შემდეგ, ბრიტანეთისთვის მისი გადაცემა სტანდარტული წესით წარიმართება

პროკურატურა ჯეკ შეფერდის საქმესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს მის მომთხოვნ სახელმწიფოში გადაცემა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით განხორციელდეს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მას სურს ამ უფლებით სარგებლობა, თანხმობა უნდა გამოხატოს სასამართლოს წინაშე.

„ამასთან, გამარტივებული პროცედურების გამოყენებით მომთხოვნ სახელმწიფოში გადაცემის თაობაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის პოზიციის დასადგენად პროკურორი ვალდებულია სასამართლოს მიმართოს შესაბამისი შუამდგომლობით. აღსანიშნავია, რომ შუამდგომლობით ბრალდების მხარე ითხოვს არა პირის ექსტრადიციის დასაშვებად ცნობას, არამედ მხოლოდ შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე, რათა ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა გამოხატოს საკუთარი პოზიცია - ეთანხმება თუ არა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციას. ამ ვალდებულების შესასრულებლად საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 29 იანვარს სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რათა ჯ. შეფერდს მოსამართლის წინაშე გამოეხატა პოზიცია - სურდა თუ არა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია. მას შემდეგ, რაც ჯ. შეფერდმა სასამართლო პროცესზე გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უარი განაცხადა, მომავალში, ბრიტანული მხარისათვის მისი გადაცემა სტანდარტული პროცედურით წარიმართება.

კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საექსტრადიციო მასალების 40 დღის ვადაში მიღებისა და შესწავლის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა ძებნილი პირის მის მომთხოვნ სახელმწიფოში ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილებაც შესაძლებელია ერთჯერადად გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში კერძო საკასაციო საჩივრის შეტანის გზით. დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ეცნობება საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რომელიც შესაბამის უცხო სახელმწიფოში პირის ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ცნობილია, გუშინდელ სასამართლო პროცესზე ჯეკ შეფერდმა უარი განაცხადა გამარტივებული წესით ექსტრადიციაზე. ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, „შეფერდმა აირჩია ქართული ციხე, ვიდრე დაბრუნებულიყო გაერთიანებულ სამეფოში, სადაც საფრთხე ემუქრება“.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდი, რომელიც საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა, ახალგაზრდა ქალის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაშია მსჯავრდებული. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეფერდი საკუთარ კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა, რასაც მისი მეგობარი გოგონა, 24 წლის შარლოტა ბრაუნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ გაერთიანებული სამეფოს ძებნილი მოქალაქე თბილისში დააკავა. 1987 წელს დაბადებულ ჯ.ს.შ. ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში 23 იანვარს ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა და საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა