ვახტანგ შაქარიშვილი - დიმიტრი გვრიტიშვილმა არ იკმარა და მათი კოლექტიური სითავხედე გაახმოვანა, ეკა ბესელიას დააბრალა კადრების გავრცელება

დიმიტრი გვრიტიშვილმა არ იკმარა და მათი კოლექტიური სითავხედე გაახმოვანა, ეკა ბესელიას დააბრალა კადრების გავრცელება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი ვახტანგ შაქარიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვრდზე წერს.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა, „რუსთავის 2“-ის ეთერში მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის იმ განცხადებებს, რომელიც ეხებოდა სასამართლო სისტემის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. შაქარიშვილის მოსაზრებით, ასეთი მოსამართლეების ხელში არ უნდა დარჩეს ქვეყნის სასამართლო სისტემა.

„ყოველი მათი ხმის ამოღება, ყოველი წინასწარ დადგმული მათი ეთერი უფრო უღრმავებს რწმენას საზოგადოებას, რომ ქართული მართლმსაჯულების ამ ადამიანების ხელში დატოვება არ შეიძლება!

სამწუხაროა, რომ თუ ადრე ისინი რეჟიმის პაიკები იყვნენ დღეს, ისინი მხედრებად გადაიქცნენ, პოლიტიკურ სვლებს აკეთებენ და საზოგადოებას დღის წესრიგს კარნახობენ.

კვირიდან - კვირამდე სერიებად გვთავაზობენ გვრიტიშვილს, მურუსიძეს, მიქაუტაძეს. ეს უკანასკნელი ჩემი მოსამართლეა... მოვლენების შეფასებისას არასოდეს გამოვსულვარ პირადიდან, არც ნაცრეჟიმთან ბრძოლაში შევსულვარ პირადი გადმოსახედიდან და არც დღეს ვარ სუბიექტური ვინმეს შეფასებისას. სამართალი და სამართლიანობა ეს უზენაესი საკითხია, მე ჩემს თავზე განვიცადე, ჩემი თვალით ვნახე მიქაუტაძის სამართალი და ამაზე დუმილი იქნება დანაშაული. 2012 წლის 20 აგვისტოს, ამ ახალგაზრდა კაცმა თვალის დახამხამებაში მხოლოდ პოლიტიკურ ნიადაგზე, 70 დღით გაგვამგზავრა ადმინისტრაციულ პატიმრობაში ისე, რომ არც ჩვენი ფიზიკური დაზიანებებით დაინტერესდა, არც მტკიცებულებები განიხილა, დაგვცინა და სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა, რომ თავისუფლება უკანონოდ შეეზღუდა ჩვენთვის. სამწუხაროდ ასეთი ემპირიული გამოცდილება ამ ადამიანების “სამართალთან” დაკავშირებით აქვს ათასობით და ათი ათასობით ადამიანს. და რა ხდება დღეს? დღეს, ეთერებში სხედან ძველი რომის სამართალს და ათენის დემოკრატიას გვასწავლიან! გვრიტიშვილმა არ იკმარა და მათი კოლექტიური სითავხედე გაახმოვანა, ეკა ბესელიას დააბრალა კადრების გავრცელება!

დღეს, ჩვენ ყველას ეკრანებიდან უტიფრად გვეუბნებიან, რომ ისინი არიან რეჟიმის მსხვერპლები! თუ ისინი რეჟიმის მსხვერპლები არიან, მაშინ ვინ არის ის ათი ათასობით ადამიანი ვისაც ცხოვრება დაუნგრიეს თავიანთი გადაწყვეტილებებით?!

ადეიშვილის ხელის ბიჭები მსხვერპლები კი არა მონები იყვნენ, რომლებიც არა მონობიდან გამომდინარე, არამედ საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, სიამოვნებით გვიმწარებდნენ ცხოვრებას! ეს ადამიანები „ქართული ოცნებისთვის“ გამოდგნენ პარაზიტები, ჩასახლდნენ სხვის სხეულში, შეიქმნეს ხელსაყრელი პირობები, გაძლიერდნენ და ამ სხეულის სასიცოცხლო ორგანოებს დაეპატრონენ, ამიტომ ქირურგიული ჩარევაა სასწრაფოდ აუცილებელი!“, - წერს შაქარაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო