დიმიტრი ხუნდაძე - NDI-ის კვლევის შედეგებში ურთიერთგამომრიცხავი პასუხებია, რაც იწვევს ეჭვს

NDI-ის კვლევის შედეგებში ურთიერთგამომრიცხავი პასუხებია, რაც იწვევს ეჭვს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე დღეს გამოქვეყნებულ კვლევებს.

ამასთან, დეპუტატი საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს სხვა ფაქტორებთან ერთად, “ნეგატიურ მედია-პროპაგანდას“ უკავშირებს.

“საზოგადოებრივი აზრის კვლევა ყოველთვის ასახავს საზოგადოების განწყობას ამა თუ იმ საკითხის მიმართ. საზოგადოების განწყობას კი, საქართველოში ძირითადად ქმნიან პროპაგანდის ყველაზე მძლავრი საშუალებები - ტელევიზიები, საიდანაც ყოველდღიურად დიდი ნეგატივი მიეწოდება ხალხს. ბუნებრივია, ეს ნეგატივი კვლევის სახით უკან გვიბრუნდება. მე არ ვამბობ, რომ მხოლოდ ეს არის მიზეზი, მოსახლეობა პირადად აღიქვამს მიმდინარე პროცესებს, მაგრამ საინფორმაციო საშუალებებს უდიდესი ზეგავლენა აქვთ მათ განწყობებზე. რაც შეეხება უშუალოდ კვლევას, თუკი შედეგებს დავაკვირდებით, ვიპოვით ურთიერთგამომრიცხავ პასუხებს. მაგალითად, მოსახლეობის 41% მთავრობის მუშაობას დადებითად აფასებს, თითქმის იგივე პროცენტი ამბობს, რომ მთავრობა კორუმპირებულია. ესე იგი, გამოდის, რომ ხალხს კორუმპირებული მთავრობა მოსწონს?! ან კიდევ, ამ კვლევის თანახმად, მთავრობის რეიტინგი ორჯერ აღემატება მმართველი პარტიის რეიტინგს, მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ მთავრობის ხელმძღვანელობა სწორედ რომ მმართველი პარტიაა. ზოგადად, მთავრობის 41%-იანი მაჩვენებელი ცუდი არ არის. მსგავსი შედეგი შეიძლება ევროპის ნებისმიერ განვითარებულ სახელმწიფოში დაიდოს იქედან გამომდინარე, რომ ხალხი ყველგან კრიტიკული და მომთხოვნია ხელისუფლების მიმართ, რაც კარგია. ხოლო გამოკითხულთა 36%, რომელთათვის არც ერთი პარტიაა მისაღები, ეს ჩვეულებრივი და ანალოგიურია ნებისმიერ სახელმწიფოში. ამას სოციოლოგები თავისუფალ ველს უწოდებენ და სწორედ ამ გაურკვეველ ფენაზე მუშაობს ყველა პარტია არჩევნების პერიოდში“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

რაც შეეხება მაჟორიტარების ცნობადობასთან დაკავშირებულ საკითხს, დეპუტატს უჩნდება კითხვა, თუ როგორ აირჩიეს მაჟორიტარები, თუკი მას არ იცნობდნენ.

“ეს ზედმეტად არადამაჯერებელია. თუმცა, ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება ამ კვლევის მიმართ, არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა. ხალხის შეფასებები ზოგ შემთხვევაში ადეკვატურია პროცესების მიმართ. ზოგადად, პოლიტიკური კვლევების მიმართ საქართველოში ჯერ ვერ ჩამოყალიბდა ის კულტურა, რომ სოციოლოგიური კვლევები გავათავისუფლოთ პირადი ინტერესებისგან. საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვთვლი, რომ ის ადგილობრივი ორგანიზაციები, ვინც უშუალოდ ატარებს კვლევებს, პირად პოლიტიკურ ინტერესებს დებენ. თუმცა, მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ნებისმიერი კვლევა, როგორი ტენდენციურიც არ უნდა იყოს, ჩემთვის საინტერესო და საყურადღებოა“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო