მაია ცქიტიშვილი - რეგიონული განვითარების ახალი ხედვა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა უწყების ძალისხმევა გავაერთიანოთ და საქმიანობა უფრო ეფექტიანი გავხადოთ

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური კონფერენციის მონაწილეებს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, - ამის შეასხებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილი მონაწილეობს პანელში: „საქართველოს რეგიონული განვითარების ახალი ხედვა, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები – ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის“.

„გუშინ ჩვენ ვსაუბრობდით საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებზე - პორტებზე, ლოჯისტიკურ ცენტრებზე, საგზაო ინფრასტრუქტურაზე, რაც რეგიონში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას უზრუნველყოფს. ეს და სხვა, ნაკლებად მასშტაბური პროექტები, რა თქმა უნდა, რეგიონულ განვითარებას ემსახურება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისთან, ქუთაისთან და ბათუმთან ერთად, სხვა ქალაქებსა თუ დაბებში გაჩნდეს ახალი შესაძლებლობები, ახალი სამუშაო ადგილები, რაც უზრუნველყოფს შემოსავალს და სარგებელს თითოეული მოქალაქისთვის“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა შესავალ სიტყვაში.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ქვეყანაში ბევრი მცირე პროექტი ხორციელდება, რომელიც მაგისტრალურ არტერიებს უკავშირდება.

„რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა უკლებლივ ყველა სახელმწიფო სტრუქტურის მოვალეობაა და ახალი ხედავა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ძალისხმევა გავაერთიანოთ და ამ უწყებების საქმიანობა ერთიან სტრატეგიაში უფრო ეფექტიანი გავხადოთ. ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ მაქსიმალურად კოორდინირებულები და ინფრასტრუქტურის განვითარება იყოს არა მხოლოდ ეპიზოდური პროექტები, არამედ, ყველა ეს ობიექტი განვიხილოთ როგორც უფრო დიდი გეგმის, იდეის, სტრატეგიის ნაწილი“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“ ტექნოპარკში მეორე დღეა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“