თამარ ჩუგოშვილი -  პოზიტიურად ვაფასებ კონგრესში გამართულ შეხვედრებს და იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში კონკრეტულ შედეგებს ვნახავთ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით ვაშინგტონში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ქართველმა პარლამენტარებმა შეხვედრები გამართეს კონგრესმენებთან: მაიკლ ტერნერთან, დანკან ჰანტერთან, ბილ კიტინგთან, ასევე, კონგრესის ახლადარჩეულ წევრებთან: ჯონ კოქსთან, დენ მიუზერთან და რონ რაითთან.

დელეგაციის ხელმძღვანელის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, შეხვედრებზე კონგრესმენებს დეტალურად გააცნეს საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები და ხელისუფლების ხედვა სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის განვითარების შესახებ.

„კონგრესმენებს, განსაკუთრებით კონგრესის ახალ წევრებს, ვესაუბრეთ საქართველოს გამოწვევებზე, კერძოდ: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ პრობლემებზე. ჩვენ არ გავქვს სხვა მექანიზმი ამ პრობლემებთან გამკლავების გარდა საერთაშორისო მხარდაჭერის. ჩვენ თუ ჩვენი პარტნიორები არ დაგვიჭერენ მხარს და არ გაგვაძლიერებენ, საქართველოს დიდ და აგრესიულ რუსეთთან ძალიან გაუჭირდება გამკლავება. შესაბამისად ვუყვებით რა პრობლემებია, რა მდგომარეობაა და რატომ გვჭირდება მათი მხარდაჭერა. ასევე ვუყვებით მომავლის ხედვებზე თუ როგორ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყნა ეკონომიკურად შემდგარი რამდენიმე წლის შემდეგ, როგორ წარმოგვიდგენია დემოკრატიული ინსტიტუტები და სხვა“,-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ კონგრესში, რომელიც დიდ წილად განახლებულია, ასეთი შეხვედრები შედგა.

„კონგრესმენების განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაცია არის ახლა და აქ, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ სხვა ქვეყნებს ასეთი შეხვედრებია არ დაუწყიათ. ბუნებრივია, ყველა ქვეყანა ცდილობს ამ ადამიანების ყურადღების მიპყრობას და ჩვენ ვართ პირველები ან ერთ-ერთი პირველები ვინც ამ ყველაფერს აკეთებს და შესაბამისად, ძალიან კარგი დასაწყისი იქნება ეს ამ ახალ კონგრესთან ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის. ასე, რომ ძალიან პოზიტიურად შემიძლია შევაფასო ეს შეხვედრები და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ შედეგებს - საქართველოს მხარდაჭერის აქტს, რომელიც უნდა გავიდეს როგორც ქვედა პალატაში, ასევე სენატში, თავისუფალ ვაჭრობას ამერიკასა და საქართველოს შორის, რომელსაც ჩვენ იმედია მალე ვიხილავთ და ბევრ სხვა ნაბიჯს, რომელიც ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას ემსახურება“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, ამ კვირის განმავლობაში დელეგაციის წევრებს ექნებათ ათეულობით კონგრესმენთან შეხვედრა, მათ შორის არიან ის ადამიანები, რომლებიც წლებია საქართველოსთან მუშაობენ და ძალიან კარგად იცნობენ ჩვენს ქვეყნას და არიან ახლადარჩეული ადამიანები, რომლებსაც ძალიან ცოტა ინფორმაცია აქვთ ჩვენი ქვეყნის შესახებ.

„ჩვენს ქვეყნას სჭირდება ყოველი მათგანის მხარდაჭერა, როგორც ახლადარჩეული კონგრესმენების, ასევე ბუნებრივია გაგრძელება იმ თანამშრომლობის, რომელიც ჩვენ გვქონდა კონგრესის სხვადასხვა წევრებთან“,-აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატების დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. საპარლამენტო დელეგაციაში არიან, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა