„საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“ - სახელმწიფოს მიერ რუსული თაფლის შესაძლო შესყიდვამ საქართველოს მეფუტკრეებში, შესაძლოა, პროტესტის ფართო მასშტაბები მიიღოს

თაფლის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“ საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძეს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითშვილსა და სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს ღია წერილით მიმართავს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს მიერ თაფლის შესყიდვაზე გამოცხადებულმა ტენდერმა ქართველ მეფუტკრეებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რამაც შესაძლოა, უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს.

„მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა კონსოლიდირებული ტენდერი თაფლის შესყიდვაზე. ამ ტენდერის აღნიშნული სახით მიმდინარეობამ, რაც დაკავშირებულია რუსული წარმოების თაფლის შესაძლო შესყიდვასთან, საქართველოს მეფუტკრეებში (და არა მარტო) გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა და ამან შესაძლოა, მიიღოს პროტესტის გამოხატვის უფრო ფართო მასშტაბები.

ასოციაცია „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება“ მოგმართავთ საქართველოს მეფუტკრეთა სახელით, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ აღნიშნულ შესყიდვაში წარმოადგინოს საქართველოში წარმოებული თაფლი“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2019 წელს შესაძლოა, 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ რუსული თაფლი იყიდოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ვებ-გვერდზეა განთავსებული. კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის თანახმად, თაფლის შესყიდვის ყველაზე დაბალი ფასის სატენდერო წინადადება წარადგინა შპს „ვ.ტ."-მ. კომისიამ კი სატენდერო წინადადება 2019 წლის 16 იანვარს განიხილა.

შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადება დოკუმენტაციით დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება. პრეტენდენტი კი ვალდებულია, რომ თაფლის ნიმუში და შესაბამისი დოკუმენტები მოთხოვნიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს.

შპს „ვ.ტ“-ს ასპროცენტიანი წილის მფლობელი იური ჯოგლიძე ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, რუსული წარმოების შპს „აპიდეის“ თაფლს საქართველოს მთავრობას კილოგრამს 14 ლარად მიჰყიდის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა