ქართული პრესის მიმოხილვა 31.01.2019

კონსტანტინოპოლის დელეგაციის ვიზიტი მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ერთობის გადასარჩენად

ისტორიაში პირველად - ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალები უხელმძღვანელებს

* * *

კონსტანტინოპოლის დელეგაციის ვიზიტი მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ერთობის გადასარჩენად

“კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაციამ ილია მეორესა და 4 ქართველ ეპისკოპოსთან შეხვედრა გამართა, თუმცა ეს ვიზიტი ისევ შედეგის გარეშე დასრულდა და ისევ გაურკვეველი დარჩა, დაუჭერს თუ არა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას მხარს საქართველოს ეკლესია. პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა თქვა, რომ კონსტანტინოპოლში “სრული გაგებით ეკიდებიან საქართველოს ეკლესიის აუჩქარებლობას” და სამწუხარო უწოდა საქართველოში არსებულ განწყობებს, რომ საპატრიარქოს დუმილი რუსული გავლენის შედეგია. ხოლო საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, “არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით შესაძლებელია სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს” და ვიზიტები ვერ შეცვლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომელსაც სინოდი მიიღებს. როდის იქნება სინოდის მომდევნო სხდომა, ეს შეკითხვა ისევ პასუხგაუცემელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კონსტანტინოპოლის დელეგაციის ვიზიტი მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის ერთობის გადასარჩენად.

“კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაცია საქართელოში საფრანგეთის მიტროპოლიტის, ემანუელის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა და უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე საპატრიარქოში შეხვედრა გამართა. 2-საათიან შეხვედრას პატრიარქი ილია II და 4 ეპისკოპოსი ესწრებოდა. “ილია მეორეს აქვს სიბრძნე, რათა ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს. შეხვედრის მიზანი იყო ამ საკითხის დეტალებზე ინფორმირება და ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავს მოხვევა, ან ზეწოლა, ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და იმ დეტალებზე საუბარი, რაც წერია ტომოსში. ჩვენ ვიცით, რომ პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ერთობის შენარჩუნება მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის”, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელმა. როგორც მიტროპოლიტმა ემანუელმა თქვა, იმის გამო არ ჩამოსულან, რომ საქართველოს ეკლესიასთან მიმართებაში არსებობს რაიმე პრობლემა ურთიერთობის. “ეს იყო ჩვეულებრივი, ძმური, კეთილი შეხვედრა მოძმე ეკლესიებს შორის”, - განაცხადა მეუფე ემანუელმა. პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირმა შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდა, თუმცა ასევე განმარტა, რომ მას საპატრიარქოს გადაწყვეტილებაზე დიდი გავლენა არ ექნება და პლუს, თქვა, რომ მსოფლიო საპატრიარქო სრული გაგებით ეკიდება საქართველოს ეკლესიის ამ ეტაპზე აუჩქარებელ პოზიციას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“წლის ბოლოს გვქონდა სინოდის სხდომა. იქ დადგინდა, რომ ეს განხილვა გადაიდება შემდგომი სინოდისთვის იმიტომ, რომ არის ბევრი დეტალი, მრავალი შეკითხვა სინოდში. ასე რომ, ეს საჭიროებს განხილვას და მუშაობას. ისტორიაში ყოველთვის ასე იყო, ვიღაცა მხარს უჭერს, ვიღაცა თავს იკავებს, ვიღაცა წინააღმდეგია, ამიტომ დრო სჭირდება”, - განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ. მიტროპოლიტმა ვერ დაასახელა სინოდის შემდეგი სხდომის თარიღი. ხოლო კითხვაზე, აქვს თუ არა რუსულ ეკლესიას ქართულ ეკლესიაზე გავლენა, მეუფე შიომ აღნიშნა, რომ ამგვარი განწყობები სამწუხაროა”, - განაგრძობს გამოცემა.

“სამწუხაროდ, ჩვენთან არის ასეთი განწყობები, რომ ჩვენი პოზიცია ამჟამინდელი რაღაცნაირად ასოცირდებოდეს ვიღაცის მიერ, რომ ეს არის რუსული გავლენა. სინამდვილეში, დღეს თქვენ მოისმინეთ მსოფლიო საპატრიარქოს პოზიცია, რომ ისინიც ეთანხმებიან ჩვენ პოზიციას. როგორც ჩანს, ყველა ეკლესია თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან”,- განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ. ის, რომ მსოფლიო საპატრიარქოდან დელეგაცია ჩამოდიოდა, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ “მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლების ვიზიტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასეთი ვიზიტებით შესაძლებელია ერთმნიშვნელოვნად, სინოდის ყველა წევრი ერთ აზრზე დადგეს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება და მაინც უნდა დაველოდოთ სინოდზე მსჯელობას,ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ საქართველოს ეკლესიის პოზიციაზე”, - თქვა ჯაღმაიძემ. მისივე თქმით, უკრაინის საკითხზე საქართველოს ეკლესია საბოლოო გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად, სინოდალური მსჯელობის შემდეგ მიიღებს”, - დასძენს გამოცემა.

“ჩვენ სწორად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ავტოკეფალური ეკლესია. ავტოკეფალური ეკლესია არის დამოუკიდებელი ეკლესია. თავად ღებულობს გადაწყვეტილებას და ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, სინოდალური მსჯელობის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული”, - განაცხადა დეკანოზმა ანდრიამ. განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინის ეკლესიისთვის ტომოსის მინიჭებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, როგორც საერო, ისე სასულიერო წრეში და არც ერთი მხარე თავს არ იკავებს შეურაცხმყოფელი გამოთქმების, ერთგვარი შანტაჟისა და დამამცირებელი ფრაზებისგან. “უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან დიდია თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და აჩქარებული, წინდაუხედავი ქმედებები სიკეთეს არავის მოუტანს”, - ნათქვამია განცხადებაში და საპატრიარქო ყველას მოუწოდებს ამ საკითხზე საუბრისას კორექტულები იყვნენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს 5 იანვარს მოაწერა ხელი და ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას მოუწოდა, უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას დაუჭირონ მხარი. უკრაინა და კონსტანტინოპილი ახლა უკვე მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიების მხარდაჭერას ელოდებიან. უკრაინის ეკლესიის გარდა მართლმადიდებელ ოჯახში კიდევ 14 ეკლესიაა. საქართველო რიგითობით მეექვსეა და საქართველოს საპატრიარქოში პოზიციის დაფიქსირებისგან თავის შეკავების ერთ-ერთ არგუმენტად იშველიებენ იმასაც, რომ ჯერ საქართველოზე წინმდგომ სხვა ეკლესიებს, რა თქმა უნდა კონსტანტინოპოლის გარდა, არ დაუფიქსირებიათ პოზიცია. საქართველოს ეკლესიაში აზრი ორადაა გაყოფილი, რამდენიმე ეპისკოპოსი აცხადებს, რომ უკრაინას მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ, თუმცა, მეორე ნაწილის მტკიცებით, უკრაინის ეკლესიას დამოუკიდებლობა არ უნდა ჰქონდეს და ჩვენ ეკლესიების დაპირისპირებაში არ უნდა ჩავერთოთ”, - დასძენს სტატიის ავტორი.

ისტორიაში პირველად - ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალები უხელმძღვანელებს

“ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის საქართველოში ჩამოსვლა, თანაც შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო წვრთნებზე დასასწრებად, ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენაა. რა შეტყობინებას ჩამოიტანს მარტის თვეში, ეს ცალკე ვარაუდის საკითხია. სტოლტენბერგი საქართველოში ვიზიტი მიმდინარე წლის მარტში შედგება. ის ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების დროს ჩამოვა და ისტორიაში პირველად, ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს, საქართველოს თავდაცვის ძალები უხელმძღვანელებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ამ ფართომასშტაბიან სწავლებაში 22 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა შეტყობინება ჩამოაქვს საქართველოსთვის სტოლტენბერგს / ისტორიაში პირველად - ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალები უხელმძღვანელებს.

“წელს ნატოსთან თანამშრომლობა იღებს კიდევ უფრო ფართომასშტაბიან ხასიათს. კიდევ უფრო მეტი ნატო იქნება საქართველოში, ვინაიდან ერთად ამბიციურ სწავლებებს ვგეგმავთ, რომელიც მარტში ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად მსგავსი ტიპის სწავლებებს სრულად უხელმძღვანელებს საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი რგოლი. შესაბამისად, როგორც ამ სწავლების დაგეგმარება, ისე აღსრულების პროცესი მთლიანად ქართული თავდაცვითი ძალების პრეროგატივა და პასუხისმგებლობა იქნება, რაც კიდევ ერთხელ არის იმის დასტური, რომ ჩვენ ნატოსთვის სანდო პარტნიორი ვართ. 22-მა ნატოს წევრმა და პარტნიორმა ქვეყანამ გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ სწავლებაში. ამ აღიარების დასტურია სტრატეგიულ დონეზე დაგეგმილი ვიზიტებიც, რომელიც 2019 წელს შედგება. უკვე დაანონსდა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი მარტის თვეში, როდესაც ეს სწავლებები ჩატარდება. ასევე, ველოდებით სამხედრო კომიტეტის ვიზიტს საქართველოში. ეს დინამიკა მართლაც შეუქცევადი და უპრეცედენტოა,” - განაცხადა ლევან იზორიამ. სამხედრო საკითხებში ანალიტიკოსის ვახტანგ მაისაიას აზრით, “როგორი მოლოდინი შეიძლება იყოს თავად ნატო-ს ხელმძღვანელობის, საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში, ამას დრო გვიჩვენებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ნატო-ს გენერალური მდივანი რეგიონალური ვიზიტს მოაწყობს - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისათვის კი ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ საქართველო და უკრაინა. ამიტომ, რა თქმა უნდა, ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამოსვლის განსაკუთრებული საფუძველი და მიზეზი არსებობს, რადგან საქართველო ნატო-ში გაწევრიანებას აპირებს და ეს არის ჩვენ საგარეო პოლიტიკის მთავარი და მნიშვნელოვანი ამოცანა... ეს წვრთნები არის სამხედრო-საზღვაო სწავლებები, სადაც წარმოჩინდება ნატო-ს ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილების გამტკიცების საქმეში, რაც მნიშვნელოვანი მომენტია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ამასთანავე, ეს წვრთნები ტარდება იმის ფონზე, როდესაც რუსეთი, ფაქტობრივად, ჰეგემონობის განხორციელებას ცდილობს შავი ზღვის აკვატორიაში, - შავი ზღვიდან გავიდეს ხმელთაშუა ზღვისპირეთის მიმართულებით. აგრეთვე, ეს ნატო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობების ფონზე ხორციელდება. ამას ემატება რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული მცოცავი ოკუპაციის ფაქტები, ჩვენი მოქალაქეების გატაცება და ა.შ. ამ მოვლენებმა ჩვენი მიმართულებით, საკმაოდ ინტენსიური სახე მიიღო, - ხორციელდება სხვადასხვა სახის პროვოკაციები. ბუნებრივია, გენერალური მდივნის ვიზიტი იქნება ნატო-ს მიდრეკილებების გამოხმაურება, - გვერდში დაუდგეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განტკიცების საქმეში”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს