კომპანია RMG-ში 2019 წლის ძირითად სამუშაო პრიორიტეტებს განიხილავენ

კომპანია RMG-ში 2019 წლის ძირითად სამუშაო პრიორიტეტებს განიხილავენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია RMG-დან აცნობეს, კომპანიათა ჯგუფ RMG-ში 2019 წელი გასული წლის შედეგების შეჯამებითა და მიმდინარე წლის საწარმოო პრიორიტეტების განხილვით დაიწყო. კომპანიაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული აქცენტები წარმოების მოდერნიზაციაზე, შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებასა და გარემოსდაცვითი პროგრამის განხორციელებაზეა გადატანილი.

წარმოების დირექტორის კობა მენაბდიშვილის თქმით, წარმოება ურთულესი ციკლია და მისი შეჩერების გარეშე დიდი მოდერნიზაციის პროცესი დაიწყეს.

„საწარმოო პროცესში 2000-ზე მეტი ადამიანია ჩართული. ახალი ტექნიკური საშუალებების შესაძენად 2018 წელს 10 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია გაკეთდა. ახალი ტექნიკა გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ შრომის უსაფრთხოების გამკაცრებასა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე“, – განაცხადა მენაბდიშვილმა.

ასევე, გარემოს დაცვის საკითხებში დირექტორის მიხეილ კვარაცხელიას განცხადებით, გარემოზე ზემოქმედების შემცირება დღეს კომპანიის გაცხადებული პრიორიტეტია.

„აღნიშნული თემა კრიტიკის საგანი იყო საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტის” და სამოქალაქო სექტორის მხრიდანაც. მიმაჩნია, რომ 2018 წლის განმავლობაში მთავარი მოხდა - სახელმწიფომ განგვისაზღვრა კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომლის განხორციელებაც დავიწყეთ. კარგია, რომ მოქმედება საქმიან ფორმატში გადავიდა. გარემოსდაცვითი პროგრამის მონიტორინგს აწარმოებს პარლამეტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული „ქვემო ქართლის რაიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც არიან იგივე “საყდრისის კომიტეტის“ და “მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმის” წარმომადგებლები. დღეს უკვე თამამად ვამბობთ, რომ 2017 წლიდან დღემდე გარემოს დაცვის კუთხით ბევრი ცვლილება გვაქვს. 10 მილიონამდე ლარის სამუშაო შესრულებულია და 100-ზე მეტი პუნქტისგან შედგენილი გეგმის შესრულებაც შესაბამისი ვადების დაცვით მიმდინარეობს,” – აცხადებს კვარაცხელია.

კომპანიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პრიორიტეტების განსაზღვრის შესაბამისად, RMG და მასთან დაკავშირებული საწარმოები მართვის ახალ მოდელზე გადადის. აღნიშნულთან დაკავშირებით, კომპანიის აქციონერების და დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ჯონი შუბითიძე კომპანიის გეოლოგიურ და კვლევით მიმართულებას უხელმძღვანელებს. ახალი სტრუქტურის შესაბამისად, კომპანიათა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს, წარმოების ხელმძღვანელი თორნიკე ლიპარტია იკავებს.

კომპანიათა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის თორნიკე ლიპარტიას განცხადებით, სამთო მოპოვებით ბიზნესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა პრიორიტეტულია.

„კომპანიის მენეჯმენტში მიმდინარე გადანაცვლებებიც მართვის მოქნილ და ახალ სტანდარტზე გადასვლას უკავშირდება. დამეთანხმებით, რომ ზოგადად დიდი ბიზნესისთვის მნიშვენლოვანია პროფესიონალიზმი და გუნდური მიდგომა. შესაბამისად, ჩვენი გუნდი აღიარებული საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, საზოგადოებრივი აზრისა და არსებული გამოწვევების ადეკვატურად მოქმედებს. აქციონერები და დირექტორთა საბჭო უპირველეს ყოვლისა ითვალისწინებს, რომ RMG საქართველოს მძიმე მრეწველობის ლიდერი კომპანიაა და ნებისმიერი ქმედება ამ რაკურსიდან გამომდინარეობს. ჩვენი მოვალეობაა, ძველი საწარმოს ახალ სტანდარტებზე გადაყვანა. სწორედ ასეთი მოლოდინი აქვს ჩვენგან საზოგადოებას, გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის დამცველებს, რეგიონის მოსახლეობას და ჩვენს თანამშრომლებსაც. ეს პროცესი დაწყებულია და მნიშვნელოვანი ეტაპი კომპანიამ ჯონი შუბითიძის ხელმძღვანელობით გაიარა. ამ ეტაპზე აქცენტი უშუალოდ წარმოების მოდერნიზაციაზე მოდის და შესაბამისი პროცესიც დაწყებულია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ბევრი მიმართულებით და მათ შორის ყველაზე კარგად გვესმის, რომ ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია ღიად და გამჭვირვალედ ვიმოქმედოთ, გავითვალისწინოთ საზოგადოებრივი მოთხოვნა და სამოქალაქო სექტორის საქმიანი კრიტიკაც. ამის კარგი მაგალითია, კომპანიის მიერ დაწყებული გარემოსდაცვითი პროგრამის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების მონიტორინგის პროცესში სამოქალაქო სექტორისა და მათ შორის “საყდრისის კომიტეტის” ღია და აქტიური ჩართულობა. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მუშაობისას სწორედ ამგვარი საქმიანი, კრიტიკული აზრის გათვალისწინებით ვმოქმედებთ. დარწმუნებული ვარ, 2019 წელი დიდი გამოწვევების და შედეგების წელი იქნება. წელს ვგეგმავთ წარმოების გადაიარაღების, ადამიანის და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფი ღონისძიებების და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების განხორციელებას. ეს უმნიშვნელოვანესია დაბისთვის, რაიონებისა და ზოგადად რეგიონისთვის, რადგან დიდი ბიზნესის სწორი განვითარება მყარი ეკონომიკის და ძლიერი ქვეყნის გარანტიაა”, – აცხადებს თორნიკე ლიპარტია.

რამაზ საყვარელიძე - ქართულ პოლიტიკაში უშინაარსობა უნდა დამთავრდეს, თორემ ერთფეროვნებაში, როცა არც პურია და არც სანახაობა, კიდევ უფრო გაიზრდება პოლიტიკური ნიჰილიზმი
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2019
თათული ზაკალაშვილი - „ჰოთსეილი“ კონცეფციას იცვლის