თბილისში არტ ინკუბატორი გაიხსნა

კულტურისა და ინოვაციების ინტეგრირების მიზნით, თბილისის ისტორიის მუზეუმ „ქარვასლაში“ არსებულ “თბილისის კრეატიულ ცენტრში’’ არტ ინკუბატორი გაიხსნა.

არტ ინკუბატორის პარტნიორი BTU - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მსოფლიო რეიტინგის 20 საუკეთესო სამეწარმეო ცენტრებს შორის დასახელებული ბრიტანული Henley Center for Entrepreneurship არის.

არტ ინკუბატორი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე.

არტ ინკუბატორის წევრი სტარტაპერებისთვის უსასყიდლოდ გაიხსნება ბრიტანული საბჭოს მიერ მოწოდებული პლატფორმა English Learning Programme – English Channel.

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის ჯასტინ მაკენზი სმიტის განცხადებით, ეს პროექტი კიდევ ერთი დამადასტურებელია იმ კავშირების, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ელჩის განცხადებით, ის თავისი უფლებამოსილების ფარგლებში მომავალშიც შეეცდება მსგავსი კავშირების გაღრმავებას.

„ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით, არსებობს ძალიან აქტიური კავშირები დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ახალი კავშირები იქნება და როგორც ელჩი, ვიზრუნებ ამ კავშირების გაღრმავებაზე“, - განაცხადა ჯასტინ სმიტმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, მიხეილ გიორგაძის განცხადებით, პროექტი ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს საშუალებას აძლევს თავიანთი შემოქმედებითი უნარები ბიზნეს უნარებად გარდაქმნან.

„ბრიტანეთის საბჭოს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, წინანდლის ბიზნეს სკოლის და ეროვნული მუზეუმის ძალიან აქტიური თანამშრომლობით და მხარდაჭერით ფუნქციონირებას იწყებს არტინკუბატორი, რაც გახლავთ ის სივრცე რაც კრეატიულ ინდუსტრიის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს დაეხმარება, რომ თავისი შემოქმედებითი უნარები ბიზნეს უნარებში გარდაქმნან, რათა შემოქმედებითი პოტენციალი ფინანსური და ეკონომიკური სარგებლისთვის გამოიყენონ, შექმნან უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისური, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საერაშორისო პარტნიორების მოძიებასა და მათთან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

პროექტის მნიშვნელობასა და BTU-ის ჩართულობაზე აკეთებს აქცენტს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ანდრო რურუა.

„უნივერსიტეტი დაეხმარება სტარტაპერებს თავიანთი იდეების კომერციალიზაციაში. სტარტაპერებს ბევრი შესაძლებლობა ექნება. სტარტაპერები იქნებიან ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები, თუმცა გარე პირებმაც შეიძლება ამ პროექტში მიიღონ მონაწილეობა. ეს პროექტი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ბიზნესისა და ტექნოლოგების უნივერსიტეტის რექტორმა ანდრო რურუამ.

არტ ინკუბატორის წევრი სტარტაპერებისთვის უსასყიდლოდ გაიხსნება ბრიტანული საბჭოს მიერ მოწოდებული პლატფორმა English Learning Programme – English Channel.