ქეთევან ციხელაშვილი მედოევის განცხადებას აბსურდულს უწოდებს

ეს განცხადება არის აბსოლუტურად აბსურდული, ამიტომ შეუძლებელია მის შინაარსსა და საფუძვლებზე რაიმე ტიპის სერიოზული კომენტარის გაკეთება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრი გამოეხმაურა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.

„თავისთავად ფაქტი, რომ პერიოდულად ოკუპირებული ტერიტორიებიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები კეთდება, არის ცალსახა და მიზანმიმართული პროვოკაცია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და შანტაჟს. ეს არის საოკუპაციო პოლიტიკის ხელწერა და საუბედუროდ, ამას ყველაზე მეტად გრძნობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე შეიძლება ცალსახა დასკვნების გაკეთება, რომ ეს ყველაფერი არის მიმართული ადამიანების წინააღმდეგ, მაშინ როცა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, ჩვენი ნაბიჯები ამ ადამიანების საჭიროებებს ემსახურება. ამაში ჩვენ გვაქვს სრული საერთაშორისო მხარდაჭერა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მიუხედავად მსგავსი პროვოკაციებისა, ეს ნაბიჯები დროთა განმავლობაში მყარი მხარდაჭერით იქნება გამყარებული“, - განაცხადა ციხელაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის კრიტიკას იმის შესახებ, რომ საოკუპაციო რეჟიმი ძალიან გააქტიურდა და საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ასპარეზზე ამ მიმართულებით საკმარისად აქტიური არ არის, ციხელაშვილმა უპასუხა, რომ „განცხადება შეუსაბამოა, ვინაიდან ზუსტად ახლა იქნა მიღებული არაერთი რეზოლუცია საერთაშორისო მხარდაჭერით“.

„მიღებული იქნა არაერთი რეზოლუცია, მათ შორის ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ზომა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს საერთაშორისო ასპარეზზე. აქ არანაირი კითხვის ნიშნები, ბზარები, შფოთვის საფუძველი არ არსებობს. ბუნებრივია, მთელი დიპლომატიური სამსახური, მათ შორის სამართლებრივი მექანიზმებით სრულად არის ამოქმედებული. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები. ეს არ არის შფოთვის საფუძველი, არამედ შფოთვის საფუძველს იძლევა საოკუპაციო რეჟიმის ქმედებები, რომელიც სამწუხაროდ, 10 წელია გრძელდება და საუბედუროდ, ყველაზე მძიმე გამოვლინება 2008 წელს ჰპოვა“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანულ გამოცემა Neues Deutschland-სთვის მიცემულ ინტერვიუში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მედოევმა განაცხადა, რომ „ისტორიული აღმოსავლეთ ოსეთი (თრუსო, კობი და გუდოს ხეობა) საქართველოს კონტროლის ქვეშაა და ეს პრობლემა ყოველ წელს უფრო რთულდება“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა