ფრიდონ სიხუაშვილი - ხორავას საქმეზე პირველივე დღიდან არ გამოიკითხნენ მოწმეები, არ ამოიღეს მტკიცებულებები და არ მოხდა შემთხვევის ადგილების დეტალური დათვალიერება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პირველივე დღიდან არ გამოიკითხნენ მოწმეები, არ ამოიღეს მტკიცებულებები და არ მოხდა შემთხვევის ადგილების დეტალური დათვალიერება. ეს და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები იყო მიზეზი იმისა, რომ არ აღსრულდა მართლმსაჯულება და არა დ.ღ.ს ჩვენება, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულ დ.ღ.-ს ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ადვოკატმა პროცესის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დღეს სხდომაზე დაცვის მხარემ საკუთარი მტკიცებულებების დემონსტრირება მოახდენა და სასამართლოს დროებითი საგამოძიებო კომისიას ის ვიდეო ჩანაწერები წარუდგინა, რომელზეც აღნიშნული საქმის გამომძიებლები და საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი პირები იკითხებოდნენ.

"დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებების დემონსტრირება მოხდა. კერძოდ, მკვლელობის საქმეზე გამომძიებლის ჩვენების, ასევე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსების ჩვენების დემონსტრირება მოვახდინეთ, იმ ჩვენების, რომელიც მიცემული აქვთ პარლამენტში საგამოძიებო კომისიისთვის. ამ მასალით დასტურდება, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა არ იცოდნენ საკუთარი უფლებამოვალეობები, ასევე, პირველივე დღიდან არ მოხდა მოწმეების გამოკითხვა, მტკიცებულებების ამოღება და შემთხვევის ადგილების დეტალური დათვალიერება. ჩვენ ვაცხადებთ, რომ ეს და კიდევ სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები იყო მიზეზი იმისა, რომ არ აღსრულდა მართლმსაჯულება და არა დ.ღ.ს ჩვენების გამო", - განაცხადა ფრიდონ სიხუაშვილმა.

პროკურორ ბესიკ ქვარცხავას პოზიციით, ხსენებული ვიდეო ჩანაწერებით ბრალდებულ დ.ღ.-ს საქმესთან მიმართებაში არსებითად მნიშვნელოვანი არ არის. "ხსენებული ვიდეო ჩანაწერი არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების შინაარსთან მიმართებაში არსებითად მნიშვნელობის მქონე ფაქტს არ ადასტურებს ან არ უარყოფს. სწორედ ამის გამო არ გავხადეთ დაცვის მხარის მტკიცებულება სადავო. თუმცა დაცვამ საჭიროდ ჩათვალა გამოეკვლია საკუთარი მტკიცებულება. მე ვერ ვისაუბრებ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ბრალი გულისხმობს ცრუ ჩვენების მიცემას. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი მტკიცებულება და სწორედ ამ ჩვენების სიცრუე არის მთავარი მიზეზი წარდგენილი ბრალისა", - განაცხადა პროკურორმა.

შემდეგ სასამართლო სხდომაზე კვლავ დაცვის მტკიცებულებების დემონსტრირება მოხდება. სხდომა 4 თებერვალს ჩაინიშნა.

დავით უსუფაშვილი - ახლა ივანიშვილის შუის გაკრეფის კონცეფცია ეხება ყველას, ვინც მის ორბიტაზე არაა, გასაკრეფია, რადგან სახიფათო და პრობლემურია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2019
ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა