ილარიონ ალფეევი - საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს კარგად ესმით,  რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში

რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელს მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევს წარმოუდგენლად მიაჩნია, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს მხარი დაუჭიროს. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ალფეევმა კომენტარი გააკეთა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებაზე, რომლის თქმით, საქართველოს ეკლესიის მიერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის პასუხად, რუსეთის ეკლესიამ შეიძლება, სცნოს აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობა.

„ვერ წარმომიდგენია საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს გადაწყვეტილებით შეიქმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა უმეტესობა ის ადამიანები არიან, რომლებსაც კარგად ესმით საეკლესიო რეალობა და ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების გამო. მართალია, იქ არის რამდენიმე ახალგაზრდა მღვდელმთავარი, უმეტესად ისინი, რომლებიც ღია თუ ფარულ ოპოზიციაში არიან კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, რომლებიც მოუწოდებენ პატრიარქს, აღიაროს უკრაინის ავტოკეფალია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, თავის დროზე, გადაწყვიტა არ წასულიყო კრეტის კრებაზე და ჩვენ, მათ შორის, საქართველოს ეკლესიის სოლიდარობის ნიშნადაც მივიღეთ ასეთივე გადაწყვეტილება, რომ არ წავსულიყავით ამ კრებაზე. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლურ დიპტიქებში მეექვსე ადგილს მოითხოვს და ჩვენ მას ამაში მხარს ვუჭერთ. ჩვენს დიპტიქში ის მეექვსე ადგილს იკავებს. ახლა კი, როდესაც ამ დიპტიქიდან წაიშლება კონსტანტინეპოლის პატრიარქი, საქართველო დაიკავებს მეხუთე ადგილს. კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს დიპტიქში საქართველო იკავებს მეცხრე ადგილს და ამ საპატრიარქოში არავინ აპირებს საქართველოს რიგითობის ადგილის საკითხს გადახედოს. აი, ამ ფაქტების ერთობლიობა ნაკლებსავარაუდოს ხდის იმას, რომ საქართველოს ეკლესიამ, ოდესმე, მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა მღვდელმთავრების მოთხოვნას უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკაშირებით“, - განაცხადა რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავარმა.

იხილეთ ვიდეო: "მღვდელმთავრებს კარგად ესმით, რა შეიძლება დაემუქროს საქართველოს ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში" - ილარიონ ალფეევი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს