მიხეილ ბატიაშვილი - ჩვენი მიზანია, ქართულ უნივერსიტეტებში ევროპული სტანდარტის დანერგვას მივაღწიოთ

ჩვენი მიზანია, 2 წლის განმავლობაში, ქართულ უნივერსიტეტებში ევროპული სტანდარტის დანერგვას მივაღწიოთ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხედვისა და განათლების ხარისხის განვითარების ორწლიანი სამოქმედო გეგმის შესახებ გამართული პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ორშაბათიდან აღნიშნული მიმართულებით აქტიური სამუშაოების განხორციელებას იწყებენ.

„დღეს წარმოვადგინეთ ჩვენი გეგმა, რომელიც ეხება უმაღლესი განათლების მიმართულებით, ერთიან ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას. ვფიქრობთ, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი გზა, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტებთან ერთად უნდა გავიაროთ. რეფორმის პრეზენტაციასთან ერთად, ცოტა ხნის წინ, ჩვენ ხედვა წარმოვადგინეთ, ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად აქტიურად ვიმუშავეთ და დავისახეთ კონკრეტული გეგმა. რაც ყველაზე მთავარია, ორშაბათიდან გადავდივართ კონკრეტულ გეგმებზე, რადგან ჩვენი მიზანია, 2 წლის განმავლობაში, ქართულ უნივერსიტეტებში ევროპული სტანდარტის დანერგვას მივაღწიოთ. ამისთვის ჩვენი სამინისტრო როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებს ყველანაირ მხარდაჭერას გაუწევს, რათა 2 წლის განმავლობაში ყველა ევროპული სტანდარტი დაინერგოს“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.