დიმიტრი გვრიტიშვილი - იმედი მქონდა, რომ ბესელია სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებულ ცილისმწამებლურ კამპანიას შეწყვეტდა, თუმცა, საპირისპირო ვიხილეთ

ერთადერთი ვარაუდის საფუძველი დამრჩა, ხომ არ ემსახურება ეს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს, რომელსაც სურს თავისი დამოუკიდებელი ადგილი დაიმკვიდროს პოლიტიკურ ცხოვრებაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა განუცხადა, როდესაც პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ მიზანმიმართულად ხორციელდება ცილისმწამებლური კამპანია.

"მას შემდეგ რაც "რუსთავი 2"-ის ეთერში წარვადგინე საჯარო არგუმენტები სასამართლო ხელისუფლების გამოსარიცხად იმ ბინძური დანაშაულის ჩადენის საქმეში, რასაც ჰქვია ადამიანის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული უკანონო ჩანაწერის გავრცელება, იმედი მქონდა, რომ ეკა ბესელია შეწყვეტდა სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებულ ამ ცილისმწამებლურ კამპანიას, თუმცა, გუშინ ვიხილეთ საპირისპირო. გამარჯვებული სახით მან გვამცნო, რომ ბრძოლას აგრძელებს. ეს ბრძოლა ჩემთვის და საზოგადოებისთვისაც ცხადია, რომ სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგაა, ამიტომ ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა პროკურატურის, უზენაესი სასამართლოსადმი - დაუყოვნებლივ წარუდგინოს ინფორმაცია საზოგადოებას ამ საქმეში არსებული ფარული ჩანაწერების მდგომარეობის შესახებ. მე განვაცხადე, რომ ეს ჩანაწერები სასამართლოში შემოსვლის მომენტში დალუქული იყო და გავიდა ისე, რომ ეს ლუქები ხელუხლებელია. ანუ სასამართლოს არც ერთ მოხელეს, მოსამართლის ჩათვლით ამ ფარულ ჩანაწრებთან უშუალო წვდომა, მისგან ასლის გაკეთება და გავრცელების პრაქტიკული და თეორიული შესაძლებლობა არ ჰქონდა! „, - განაცხადა გვრიტიშვილმა.

მისივე თქმით, ეკა ბესელიას საჯარო პოსტში ორჯერ, თუ სამჯერ გაკეთდა მინიშნება სააპელაციო სასამართლოზე.

„ის აშკარად საუბრობდა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებზე, მოსამართლეებზე. მან განაცხადა, რომ შინაგანი განცდა აქვს, თითქოს ეს დაკავშირებულია სასამართლო ხელისუფლებასთან. ამიტომაც, მეც გამიჩნდა დასაბუთებული შინაგანი განცდა, ეჭვიც, რომ იგი პირდაპირ ადანაშაულებდა სასამართლოს და კონკრეტულად სააპელაციო სასამართლოს ამ ჩანაწერების გავრცელებაში. მეტიც, 29 იანვარს, ვიდრე თოქ-შოუ "არჩევანში" ჩემი გამოსვლა დაიწყებოდა, ეთერში ჩაერთო დავით ჭიჭინაძე, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ მოსამართლეების მხრიდან ადგილი აქვს შურისძიებას. აქედან გამომდინარე, დასაბუთებული დასკვნის საფუძველი გამოჩნდა, რომ ზუსტადაც მიზანმიმართულადაა დაწყებული ეს კამპანია სასამართლო ხელისუფლების, კონკრეტულად სააპელაციო სასამართლოს წინააღმდეგ",- განაცხადა გვრიტიშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ შესაძლოა, ფარული ჩანაწერები თავად ეკა ბესელიამ გაავრცელა, გვრიტიშვილის თქმით, ზოგადად არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.

„ვთქვი ის, რომ ჩანაწერების გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს, როდესაც გარკვეულმა ჯგუფმა ეკა ბესელიას ხელმძღვანელობით აშკარად წარმოაჩინა თავი,როგორც რაღაც პროგრესულმა ძალამ, რომელიც ემხრობა სამართლიანობას, რომელიც ზრუნავს ქვეყნის მომავალზე და არ დაუშვებს მოსამართლეების სიის გატანას პარლამენტში. შექმნილი სიტუაცია ხელს არავის არ აძლევს, არც ხელისუფლებას, რომელსაც აქვს უმძიმესი ვალდებულება, რომ გამოიძიოს ეს დანაშაული და საზოგადოებას წარუდგინოს შედეგები. ხელს არ აძლევს სასამართლო ხელისუფლებას. თუ დამტკიცდება რაიმე ფორმით სასამართლო ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის კავშირი ამ ბინძურ დანაშაულთან ეს არის დამღუპველი. აქედან გამომდინარე, ერთადერთი დამრჩა ვარაუდის საფუძველი, რომ ხომ არ ემსახურება ეს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს, რომელსაც სურს თავისი დამოუკიდებელი ადგილი დაიმკვიდრის პოლიტიკურ ცხოვრებაში", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ აპირებენ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები სამართლებრივი სვლა მისცენ იმ განცხადებებს, რომელიც სასამართლოს წინააღმდეგ კეთდება, დიმიტრი გვრიტიშვილი პასუხობს, რომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის.

"ამაზე საუბარი არ არის. კანონით გათვალისწინებულია ვადა იმისთვის, რომ ამა თუ იმ პირის მიმართ ცილისწამების გამო სამართალწარმოება აღიძრას. არ ვიცი, ჩამოვყალიბდებით, კონსულტაცია გვექნება და თუ საჭირო გახდება არ გამოვრიცხავთ სამართლებრივი რეაგირების განხორციელებას", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო