დღევანდელი კონსტიტუციური მოდელი არ გვაძლევს საშუალებას, რომ აღნიშნული უსაფრთხოების საბჭო ყოფილიყო პრეზიდენტთან, ან პრეზიდენტი ყოფილიყო მისი მუდმივმოქმედი წევრი, - ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ იყო პრეზიდენტი ამ საბჭოში და იყო თუ არა მასთან კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით, დღევანდელი კონსტიტუცია ითვალისწინებს საომარი მოქმედებების დროს დროებითი თავდაცვის საბჭოს შექმნის შესაძლებლობას პრეზიდენტთან. მუშაობის პროცესში ვფიქრობდით, რომ როგორმე გაგვევლო პარალელი ამ საბჭოს და დროებით თავდაცვის საბჭოს შორის, თუმცა ბოლოს, ყველანაირი კონსულტაციის გავლის შემდეგ ჩვენ დავრწმუნდით, რომ ამ კანონში შეუძლებელი იქნებოდა პარალელის გავლება. დღევანდელი ჩვენი კონსტიტუციური და სახელმწიფოებრივი მოდელი არ გვაძლევს საშუალებას, რომ მაგალითად აღნიშნული საბჭო ყოფილიყო პრეზიდენტთან, ან პრეზიდენტი ყოფილიყო მუდმივმოქმედი წევრი“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებელი სათათბირო ორგანო იქნება.
უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები იქნებიან: თავდაცვის მინისტრი, შს მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, დაზვერვის სამსახურის უფროსი.
საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის ადმინისტრაციაში მომზადდა.