თამარ ჩუგოშვილი - ამერიკის კონგრესმა რამდენიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა აშშ-ში, ჯორჯ ვაშინგტონის ევროპული, რუსული და ევრაზიული სწავლებების ინსტიტუტში გამართული დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც თამარ ჩუგოშვილმა დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ამერიკის კონგრესის მიერ მიღებული ბოლოდროინდელი რამდენიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსთვის.

„ამერიკის კონგრესმა რამდენიმე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. მაგალითად, კონგრესის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით სანქციები დაეკისრა იმ ქვეყნებს, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, და რომლებიც კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტის თანახმად, აღიარებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ეს ქვეყნები ვერ მიიღებენ რაიმე სახის დახმარებას ამერიკის ხელისუფლებისაგან. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანი გზავნილებია“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი განცხადებით, რუსეთი სულ უფრო და უფრო აფართოებს ოკუპაციას, გაყავს ახალი ეკლიანი მავთულხლართები ქვეყნის შუაგულში და არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.

„ჩვენ ამას მცოცავ ოკუპაციას ვეძახით. რუსეთი დროდადრო ახალ ფიზიკურ ბარიერებს აღმართავს ჩვენი ქვეყნის შუაგულში. უამრავი ადამიანი ზარალდება ამით და ეს უამრავ ადამიანს აყენებს ტკივილს. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ამ სოფლებში ცხოვრობენ, ამ მიწაზე ცხოვრობენ. რუსეთი ცდილობს, მაქსიმალურად მოახდინოს ამ ადამიანების იზოლაცია - რუსეთი ხურავს გამშვებ პუნქტებს, რომლებიც ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისათვის ჩვენთან კავშირის შესაძლებლობაა. ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს უამრავი ფუნდამენტალური რამ სჭირდებათ - მათ სჭირდებათ ჯანდაცვა და სხვა სასიცოცხლო მომსახურება, საქართველო სთავაზობს მათ ამ ყველაფერს და ასევე, ახორციელებს მშვიდობიან პოლიტიკას. ჩვენ ვცდილობთ, დავანახოთ მათ ეს შემრიგებლური მიდგომა, მაგრამ რუსეთი დგება ჩვენს შორის და ზღუდავს ამ კომუნიკაციას, გაყავს ახალი ეკლიანი მავთულხლართები ჩვენი ქვეყნის შუაგულში. ამ მიმართულებით პროგრესი არ არის მიღწეული, მხოლოდ უარყოფითი დინამიკაა. ჩვენ ვხედავთ, როგორ იტაცებენ ამ ტერიტორიებიდან ადამიანებს, სასტიკად კლავენ და აწამებენ ჩვენს მოქალაქეებს“,- აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პარლამენტის გაძლიერების საკითხებს და საარჩევნო გარემოს.

„შეხვედრაზე ძალიან დიდი დრო დაეთმო პარლამენტის გაძლიერების საკითხს, რომელზეც მე პირადად ძალიან ბევრს ვმუშაობ, მათ შორის, პარლამენტის საზედამხედველო კონტროლის მნიშვნელობას. ასევე, საუბარი გვქონდა იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას მომავალ არჩევნებამდე. ვიდრე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მოგვიახლოვდება, ჩვენ გარკვეული ცვლილებები გვაქვს გასატარებელი და გასაუმჯობესებელი გვაქვს საარჩევნო გარემო იმისთვის, რომ ყოველი შემდეგი არჩევნები იყოს უფრო წინ გადადგმულ ნაბიჯი და არა ხარვეზებით ჩატარებული არჩევნები. ამ საკითხებზე იყო საუბარი და როგორც ყოველთვის, შეხვედრაზე იყო ძალიან მხარდამჭერი განწყობა.

ჩვენ მადლობა გადავუხადეთ მათ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის. ამ დახმარების და მხარდაჭერის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდება. ვფიქრობ, რომ ყველა პირობა გვექნება იმისთვის, რომ ჩვენი მუშაობა როგორც პარლამენტის გაძლიერების, ასევე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით გავაგრძელოთ“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ამერიკის შეერთებულ შტატების დედაქალაქში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში. საპარლამენტო დელეგაციაში არიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე ელენე ხოშტარია.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს