2 თებერვალს საფერავის პირველ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულებს დააჯილდოებენ

ასოციაცია „ქართული ღვინოს“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 2 თებერვალს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენში“, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი დაესწრება.

კონკურსში გამარჯვებულ ნიმუშებს ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს დიპლომები გადაეცემათ. წელს პირველად, კონკურსის ფარგლებში საქართველოს დამსახურებული მეღვინეებიც დაჯილდოვდებიან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი გასული წლის 15-16 დეკემბერს თბილისში გაიმართა და მასში მონაწილეობას როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მწარმოებლები იღებდნენ.

„კონკურსის მიზანს წარმოადგენს საფერავის, როგორც წამყვანი ქართული ვაზის ჯიშის და მისგან წარმოებული მრავალფეროვანი ღვინოების ცნობადობის ამაღლება მთელ მსოფლიოში. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარედგინათ საფერავის ყურძნის ჯიშისგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო.

გამარჯვებულები უცხოელი და ქართველი ღვინის ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლის წევრებმაც ორი დღის განმავლობაში 87 კომპანიის 200-მდე ნიმუში გასინჯეს და შეაფასეს. ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ღვინის მწერალი, ენდრიუ ჯეფორდი იყო.

საფერავი უძველესი ქართული ვაზის ჯიშია. იგი ვაზის წითელი ჯიშების მსოფლიო ასორტიმენტის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. მაღალი ხარისხობრივი და უნიკალური თვისებებიდან გამომდინარე საფერავის ჯიშის ყურძენი გაშენებულია არაერთ ქვეყანაში და მისგან მაღალი ხარისხის ღვინოები იწარმოება“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა