თინა ბოკუჩავა - ივანიშვილმა ზარ-ზეიმით განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები განადგურდებოდა, მან  ეს კადრები შეინახა და როცა დასჭირდება, იყენებს

გახარიას ტერმინი რომ გამოვიყენოთ, ივანიშვილი უდანაშაულო ადამიანებს „ყრის“ ციხეში და არ ვაპირებთ, ამას შევეგუოთ, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ფარული ჩანაწერების საქმეზე მისი პარტიის წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში დამნაშავეა სუს-ი, რომელსაც ივანიშვილმა ამის გაკეთება დაავალა და ძირითადად, კადრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა მიიღეს, რათა ისრები მათკენ მიმართულიყო.

„რაც ხდება, ივანიშვილის ხელწერაა. პირადად მან მოახდინა ასეთი დანაშაულის სანქცირება, იმიტომ, რომ არავინ დაიჯერებს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა ივანიშვილის უშუალო მითითების გარეშე. სუს-მა შემდგომ ვირუსულად ათობით ჩვენს მხარდამჭერს და ძალიან ბევრ ადამიანს მთელი საქართველოს მასშტაბით გაუზავნა ეს კადრები, სწორედ იმიტომ, რომ ხვდებოდნენ, ვინმე უნდა დაესაჯათ. ვერ დასჯიან ადამიანს, ვინც ეს დაკვეთა გააკეთა, რადგან ეს თავად ამ ქვეყნის მმართველი, ივანიშვილია. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც მას გადააქვს ისრები სხვაზე და ეს სხვა ყოველთვის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“, რომლისგანაც „მტრის ხატის“ შექმნა მისი ერთადერთი პოლიტიკაა“, - განაცხადა დეპუტატმა.

ბოკუჩავამ გაიხსენა რამდენიმე ადრინდელი შემთხვევა, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა.

„ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის დროს ღიად საუბრობდა ადამიანების პირად ცხოვრებაზე, კადრებით აშანტაჟებდა მათ და ასე აქრობდა პოლიტიკური ველიდან. დიდწილად ამის მსხვერპლი ქალები ხდებიან, მაგრამ გვახსოვს გელა ხვედელიძეც, ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს. ღარიბაშვილის პირველმა მოადგილემ აღიარა, რომ პირადად მან გაავრცელა ჟურნალისტის ცხოვრების ამსახველი კადრები, მაგრამ წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ ორი დღე გაატარა, რადგან ღარიბაშვილმა და ივანიშვილმა ხელი დააფარეს. გვახსოვს 2016 წლის არჩევნები, როდესაც იმდროინდელი პარლამენტის წევრი ააფეთქეს თბილისში და პრემიერი კვირიკაშვილი აფეთქებიდან რამდენიმე წამის შემდეგ გამოვიდა და სააკაშვილს დააბრალა ეს აფეთქება, შემდეგ კი თქვეს, გივი თარგამაძემ საკუთარი თავი აიფეთქაო. ახლა უკვე ძალიან შორს წავიდნენ. ივანიშვილმა ზარ-ზეიმით განაცხადა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები განადგურდებოდა, ამის კადრებიც გვახსოვს - ეს ყველაფერი იყო ცირკი, რაც დასტურდება, რადგან მშვენივრად შეინახა ივანიშვილმა ეს კადრები და იყენებს მათ, როცა დასჭირდება ურჩი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ. არ ვაპირებთ, შევეგუოთ, რომ არაფორმალური მმართველი კი არ ისჯება, არამედ უდანაშაულო ადამიანებს „ყრის“ ციხეში, გიორგი გახარიას ტერმინი რომ გამოვიყენოთ“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო