მამუკა ბახტაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - სამართალმა იზეიმა

შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ სამართალმა იზეიმა, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

“მინდა შევეხო მნიშვნელოვან გამარჯვებას. სტრასბურგის სასამართლომ დეპორტირებულების საქმეზე რუსეთს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაციის გადახდა დააკისრა. შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ სამართალმა იზეიმა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - რომ არა 2014-2015 წლებში იუსტიციის სამინისტროს მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაო, კომპენსაციას მხოლოდ 118 პირი მიიღებდა, რადგან წინა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მხოლოდ 118 მოქალაქის მონაცემები მიაწოდა. 2014 წლიდან 2016 წლამდე ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული, დამუშავდა და სასამართლოს გადაეგზავნა 1500 მოქალაქის მონაცემი, რომლებიც მიიღებენ ამ კომპენსაციას. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოს 1 500 მოქალაქეს არამატერიალური ზიანის მიყენებისთვის კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 000 ევრო უნდა გადაუხადონ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთანაც მიმართებაში დარღვეული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-4 პროტოკოლის მე-4 მუხლი (კოლექტიური გაძევება) და 10.000-დან 15.000-მდე ევრო მათ, ვისთანაც მიმართებაში დარღვეული იყო მე-5 მუხლი (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 მუხლი (დაკავების არაადამიანური და დამამცირებელი პირობები).

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს