ეკა გიგაური - მესმის, სალომე ზურაბიშვილი რას გრძნობს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება წინ უნდა დავაყენოთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ცილისწამებასთან დაკავშირებით დამატებითი რეგულაციების შემოღება საჭირო არ არის. ამის შესახებ გიგაურმა ჟურალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ესმის პრეზიდენტის დამოკიდებულება აღნიშნული საკითხის მიმართ, თუმცა, სასამართლო სისტემა თუ დამოუკიდებელი იქნება, არანაირი დამატებითი მექანიზმების შემოღება საჭირო არ გახდება.

"მესმის, რომ ქალბატონ სალომეს აქვს პერსონალური დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით და ცხადია, რომ საჯარო პირს უხდება დეზინფორმაციასთან ბრძოლა, მეც ვარ ერთ-ერთი მაგალითი და ზუსტად ვიცი, ის რას გრძნობს, მაგრამ მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება წინ დავაყენოთ, რადგანაც ეს არის ის მიღწევა, რომელიც ჩვენ ამ ქვეყანაში გვაქვს. ამიტომ დღევანდელი ჩვენი საკანონმდებლო სისტემითაც და რეგულაციებითაც შეგვიძლია და გვაქვს ბერკეტები დავამტკიცოთ, სად ვართ მართლები. მივიდეთ სასამართლოში, მაგრამ თუკი სასამართლო არ იქნება დამოუკიდებელი, მიკერძოებულად და ამორჩეულად მიიღებს გადაწყვეტილებებს, ცხადია, ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლებელი იქნება. ჩემი დავა იყო ამის კარგი მაგალითი. თუკი ადამიანები სხვა შემთხვევაში არ იყვნენ საჯარო პირები და კრიტიკულები ხელისუფლების მიმართ, ისინი ახერხებდნენ სასამართლოს წესით ამ სიმართლის დამტკიცებას და მე ვერ ვახერხებდი იმიტომ, რომ ვიყავი დაპირისპირებული "ქართულ ოცნებასთან". ამიტომ სასამართლო სისტემა თუ დამოუკიდებელი იქნება, არანაირი დამატებითი მექანიზმების შემოღება ამ ქვეყანაში საჭირო არ იქნება",- განაცხადა გიგაურმა.

ცნობისთვის, ცილისწამების შესახებ ინიციატივა საქართველოს პრეზიდენტს აქვს. მან აღნიშნულთან დაკავშირებით საახალწლო მილოცვაში ისაუბრა, დღეს კი საკითხის განსახილველად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს