მიხეილ ბატიაშვილი - ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს რჩება ისე, როგორც იყო და მას არანაირი ცვლილება არ შეეხება

ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს რჩება ისე, როგორც იყო და მას არანაირი ცვლილება არ შეეხება, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გამოცდებთან დაკავშირებით მიღებული და უკვე გაჟღერებული გადაწყვეტილებები საბოლოოა და მას მეტი აღარაფერი დაემატება.

მინისტრის თქმით, რეფორმის მიზანია, რომ ძლიერი სკოლა გახდეს პრიორიტეტი. რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდის გაუქმებასთან დაკავშირებით ექსპერტების კრიტიკას, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, სისტემა არ იყო ეფექტური.

„მინდა გითხრათ, რომ „ჯიარის“ სტანდარტამდე ძალიან შორს ვიყავით ზოგადი უნარების ტესტით. ფაქტობრივად, ყველა ბავშვს უნდა შეძლებოდა „ჯიარის“ გადალახვა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ეს ძალიან რთულია. ჩვენი ხედვა არის ის, რომ სკოლა, როგორც ინსტიტუცია, უნდა გავაძლიეროთ და ორიენტაცია უნდა იყოს სკოლაში სწავლის პროცესზე. დღევანდელი შედეგი იყო ის, რომ ბოლო წლებში არა მარტო სკოლის დროის, არამედ მშობლის რესურსიც კი მიმართული იყო ჩრდილოვან განათლებაში. ყველა პარამეტრი, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა, გვაძლევდა პასუხს, რომ ეს სისტემა არ არის ეფექტური. ნებისმიერი საერთაშორისო პრაქტიკა საუბრობს იმაზე, რომ თუ სკოლა არ გავაძლიერეთ, როგორც ინსტიტუცია, არ გავზარდეთ უმაღლესი განათლების ხარისხი, ისე შედეგებამდე ვერ მივალთ. შუალედურმა სისტემებმა სადამდეც მიგვიყვანა, დღეს ვხედავთ. ამ თვეების განმავლობაში ვიკვლევდით ამას, ბევრ ექსპერტთან ვლაპარაკობდით და გადაწყვეტილებები ისე იქნა მიღებული“, - განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გამოცდებთან დაკაშირებულ სხვა კითხვებს პასუხები მომავალ კვირას, სავარაუდოდ, ორშაბათს გაეცემა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა