სოფო ვერძეული - ფარული ჩანაწერების გამავრცელებლების გარდა, გამოძიება უნდა გავიდეს იმ ადამიანების კვალზე, ვინც ეს სცენარი დაგეგმა

ფარული ჩანაწერების გამავრცელებლების გარდა, გამოძიება უნდა გავიდეს იმ ადამიანების კვალზე, ვინც ეს სცენარი დაგეგმა, წაახალისა თუ ბიძგი მისცა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა ჟურნალისტებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე შეფასებით, ეს საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არის ძალიან დიდი გამოწვევა და საზომი სამინისტროს მუშაობის მიმართულებით.

„კარგია, რომ გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე დღეში არის კონკრეტული შედეგი, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის სრულად ის ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია იმ მძიმე დანაშაულზე, რასაც ადგილი ჰქონდა. ამიტომ გამავრცელებლების გარდა, გამოძიება უნდა გავიდეს იმ ადამიანების კვალზე, ვინც ეს სცენარი დაგეგმა, წაახალისა თუ ბიძგი მისცა ამ ინიციატივას და მხარი დაუჭირა ამ დანაშაულებრივ ქმედებას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერის შენახვა თუ სხვისთვის გაზიარება არის დასჯადი და უნდა იცოდეს, როგორც სამართლებრივად, ასევე მორალურად უმძიმესი კატეგორიის დანაშაულია. ამიტომ ველოდებით დამატებით რეაგირებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან. კარგია, რომ რეაგირების გარკვეული ეტაპი უკვე ვნახეთ, გარკვეული შედეგები არის, თუმცა მთავარი კითხვა საზოგადოების არის -ვინ დგას ამის უკან და რამდენად არის იმის რესურსი, შემკვეთებამდე და ორგანიზატორებამდე მივიდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს იქნება მნიშვნელოვანი საზომი მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის",- განაცხადა ვერძეულმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა