ადვოკატი - ინგა და ირმა ხოროიშვილების  დაკავებისას არა მხოლოდ მათი უფლებები დაირღვა, არამედ მათი ოჯახის წევრებისაც

დაკავებული ინგა და ირმა ხოროიშვილების ადვოკატის ლევან დავითაიას განცხადებით, დაკავებისას არა მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფების უფლებები დაირღვა, არამედ მათი ოჯახის წევრებისაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა ქვემო ქართლის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ინგა ხოროიშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.

„ჩვენთვის ჯერ არ არის ცნობილი, რეალურად შსს და პროკურატურა რას ედავება, თუმცა ერთი რამ ცნობილია, რომ დაკავების პროცესში მთელი რიგი უფლებები დაირღვა, მათ შორის ფუნდამენტური უფლება - ადვოკატის ყოლის უფლება მას შეეზღუდა. ადვოკატის ყოლის უფლება არა მხოლოდ მას და მის დას შეეზღუდა, დაკავებისას პროცესუალური მოქმედებები ხორციელდებოდა მისი ოჯახის სხვა წევრების მიმართაც, თუმცა არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, არავის მისცეს იმის საშუალება, რომ განეხორციელებინათ სატელეფონო ზარი და იურიდიული დახმარებით ესარგებლათ.

ამასთან დაკავშირებით ჩვენ მივმართეთ სახალხო დამცველს და შესაბამისი ფორმულირება გავუკეთეთ. გარდა ამისა, დარღვეულია საპროცესო ნორმები, რომელზეც აუცილებლად გვექნება შემდგომში საუბარი. მას ვიდეო არანაირი სახით არ გამოუყენებია, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მას ეს მასალა გაევრცელებინოს. შეტყობინება მან, როგორც ნახევარმა საქართველომ, სოციალურ ქსელში ნახა, თუმცა გავრცელებასთან მიმართებაში მას არანაირი მოქმედება არ განუხორციელებია“, - განაცხადა ადვოკატმა ლევან დავითაიამ.

მისივე თქმით, ჩნდება ვარაუდი, რომ დების დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს. ,,თუკი გავითვალისწინებთ იმ საჯარო კომენტარებს, რომლებიც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ვრცელდება და აქცენტირება ხდება იმაზე, რომ ქალბატონი არის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერი, შესაბამისად, შეიძლება და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ კონკრეტულ დაკავებას თავისი პოლიტიკური სარჩული გააჩნია“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე განმარტებით, ამოღებულია ტელეფონები, წინასწარი დაკავების 48 საათიანი ვადა კი ხვალ იწურება. რაც შეეხება იმას, თუ რატომაა ორივე და რუსთავისა და ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული, ადვოკატი აცხადებს, რომ ამასთან დაკავშირებით განუმარტეს, რომ თბილისში ადგილი არ იყო.

,,რუსთავსა და ხაშურში გადაყვანა ეს ალბათ სამინისტროს ახალი სტრატეგიაა. ამაზე ამომწურავ პასუხს უფრო შსს მოგცემთ, თუმცა ჩემს კითხვაზე მათ განმარტეს, რომ თბილისში ადგილი არ იყო, თუმცა რუსთავშიც არის ადგილი იმისთვის, რომ ორივე აქ გადმოეყვანათ. ბრალის წარდგენისთვის მნიშვნელოვანია დაკავება რომელ საათზე მოხდა. ამაზეც ურთიერთგამომრიცხავი ფაქტები გაგვაჩნია, თუმცა უნდა ვივარაუდოთ რომ ხვალინდელი დღე არის 48 საათიანი ვადის ამოწურვის ბოლო ვადა“, - განაცხადა ადვოკატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა